PISA

პანდემია სწორად იმართა და არ გვაქვს გაუარესებული შედეგები - ამილახვარი PISA-ს კვლევაზე

პირველი არხი 

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის კვლევის შედეგებზე ისაუბრა - მისი თქმით კვლევის სამივე ნაწილში ჩამორჩენა არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ის ასახავს კოვიდის შემდეგ პერიოდს. 

"კვლევა ტარდება კოვიდ პანდემიის პერიოდში, ანუ პოსტ კოვიდ პანდემიურ პერიოდში და მოიცავს იმ 3-წლიან საკმაოდ რთულ პერიოდს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ არა კოვიდ პანდემია, საქართველოს ექნებოდა გაუმჯობესებული შედეგები, თუმცა არ აქვს გაუარესებული შედეგები, დაახლოებით იგივეა, რაც 2018 წელს. აქედან ერთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რომ კოვიდ პანდემია სწორად და კარგად იმართა და არ გვაქვს გაუარესებული შედეგები". - თქვა მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ამილახვარმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა განვითარებულ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ, საფრანგეთი, ფინეთი და იტალია, მკვეთრად გაუარესებული შედეგები აქვთ, ამიტომ ამაში საგანგაშო არაფერია, "ჩვენი ოპონენტებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა საფუძველი საფუძველია, რომ რაღაცა აჟიოტაჟი ატეხონ ამ ამბავზე". - ამბობს ის. 

OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც 81 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, საქართველო OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს მის სამივე ნაწილში ჩამორჩება. საქართველოდან გამოკითხვაში 6 683-მა 15 წლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე.

კომენტარები