PISA

PISA-ს კვლევა – რას ფიქრობენ და რა გამოსავალს გვთავაზობენ ოპოზიციური პარტიები

PISA

PISA-ს კვლევა – რას ფიქრობენ და რა გამოსავალს გვთავაზობენ ოპოზიციური პარტიები

OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც 81 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, საქართველო OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს მის სამივე ნაწილში ჩამორჩება. საქართველოდან გამოკითხვაში 6 683-მა 15 წლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 

ევროპული საქართველოს წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის ზრდის ერთადერთი "გარანტირებული მეთოდი" თავისუფალი კონკურენციის პირობების შექმნა და სისტემის მოსწავლეზე მორგებაა.

"იმისთვის, რომ განათლების ხარისხმა ზრდა დაიწყოს, საჭიროა საშუალო განათლების სისტემური გადატვირთვა.

- სკოლები უნდა განკერძოვდეს/მაქსიმალური ავტონომია მიენიჭოთ სახელმწიფოს მხრიდან იმის უზრუნველყოფით, რომ საშუალო განათლების დიპლომი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

- მოსწავლის დაფინანსება (ვაუჩერი) გაიზარდოს ისე რომ ასახოს რეალური ხარჯები - საშუალო განათლება სავალდებულოა და ცხადია, ის უფასოდაც ხელმისაწვდომი რჩება- საშუალო განათლების გარეშე არცერთი ბავშვი არ დარჩება.

- მოიხსნას ის რეგულაციები, რომლებიც: 1. ხელს უშლის სკოლებს შორის მოსწავლეების მოზიდვაში თავისუფალ კონკურენციას და 2. ახალგაზრდების/ახალი კადრების მოზიდვას მასწავლებლებად (ან: ჩართვას სწავლების პროცესში) სკოლებში". - ხსნის თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის-დროას ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ტაბულასთან თქვა, რომ განათლების სისტემაში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭიროა საგანმანათლებლო ცენტრების პრივატიზების პროცესის დაწყება.

"განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სჭირდება მეტი კონკურენციის შეტანა ამ სფეროში, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა მოხდეს საგანმანათლებლო ცენტრების პრივატიზება, იქნება ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები თუ სკოლები, ნებისმიერ შემთხვევაში დასაწყებია პროცესი ურბანული ნაწილიდან, სადაც ამის შესაძლებლობა მეტია. არაურბანულ ნაწილში პროცესი ცოტა რთულია, შეიძლება, სხვა მოდელი იყოს შემუშავებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ვუჭერთ მხარს პრივატიზებას. პრივატიზება გულისხმობს იმას, რომ კერძო ხელში გადავიდეს, თუმცა შესაძლებელია სახელმწიფო დაფინანსებაც შენარჩუნებული იყოს. 

ასევე, რასაც ვუჭერთ მხარს არის ის, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები მაქსიმალურად გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულირებისგან. ეს გააჩენს კონკურენციას და კონკურენცია, ჩვენი გადმოსახედიდან, არის ერთადერთი წამალი გრძელვადიანად რომ მოხდეს განათლების ხარისხის გაუმჯობესება". - თქვა ზურა ჯაფარიძემ. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ტაბულას უთხრეს, რომ პარტიიდან ვერავის გაგვასაუბრებდნენ, თუმცა მთავარ არხთან თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა აღნიშნა, რომ განათლების დაბალი ხარისხი სხვა ქვეყნებთან კონკურენციასა და შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას უქმნის საფრთხეს.

"ფაქტია, განათლების ხარისხი უზრუნველყოფილი არ არის და ჩვენი მოზარდები საშუალოზე დაბალ მაჩვენებელს აჩვენებენ ამ კვლევაში, რაც ცხადყოფს, რომ რეალურად, პერსპექტივაში, შესაძლოა, რომ მათივე თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნებში ვერ გაუწიონ კონკურენცია. თუ მთავარი ინვესტიცია განათლებაში არ ჩაიდო და თუ ხარისხი არ გაუმჯობესდა, ამ სტაგნაციით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის განვითარების საფრთხე გვექმნება". - თქვა კვიტაიშვილმა.

ტაბულა PISA-ს კვლევის შედეგების შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკური საბჭოს წევრსა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელ ნანა ტოხვაძესაც ესაუბრა. პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის პირობებში, განათლების სისტემის გაუმჯობესება ქვეყნის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

"სახელმწიფო, თუ მისი ინტერესია განათლების ხარისხი, უნდა მოქმედებდეს სხვაგვარად და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას ეს შეცდომები და ეს კატასტროფული შედეგები უნდა გამოსწორდეს. ამისთვის ბევრი მეთოდი არსებობს, ოღონდ სავალდებულოა, რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება და განათლება რეალურად იყოს პრიორიტეტი და არა ისე, როგორც ქართული ოცნება ამას დღეს აკეთებს, ანუ მხოლოდ საარჩევნო ყულაბის შესავსებად და მხოლოდ ხმების მობილიზებისთვის". - ამბობენ პარტიაში და აღნიშნავენ, რომ შედეგები ერთი მხრივ, განათლების სისტემის ხარვეზებისა და მეორე მხრივ, პანდემიის გამო, მოსალოდნელი იყო. 

"გასაგები იყო, რომ პანდემიამ კვალი დაატყო ჩვენს სისტემაში არსებულ ხარვეზებს. იმ ფონზე, რომ, მათ შორის, სოციო-ეკონომიკურად ძალიან გამართული ქვეყნების მონაცემებიც გაუარესდა და ასევე გათვალისწინებით იმისა,რომ ჩვენი განათლების სისტემა არ არის ფოკუსირებული ბავშვის მიღწევებზე, არ გვიკვირს რომ ამ ყველაფერმა მოგვცა ის, რომ 2018 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდა მონაცემები". - აღნიშნა ტოხვაძემ.

ტაბულამ ლელოსთან დაკავშირებაც სცადა, ჯერჯერობით, პარტიისგან პასუხი არ მიგვიღია.

კოვიდპანდემიის გავლენებზე საუბრობს გამოცდების ეროვნული ცენტრიც. NAEC-ის შეფასებით, "შეიძლება, ვივარაუდოთ - რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა". მიუხედავად იმისა, რომ OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის მონაცემების მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, საქართველოს შედეგები წაკითხულის გააზრებასა (-6) და მათემატიკაში (-8) შემცირდა, გამოცდების ეროვნული ცენტრი ირწმუნება, რომ "საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არცერთ სფეროში". ცენტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა პანდემიის კრიზისული ფაზის დროს ჩატარდა, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობა აჩვენა.

"კოვიდპანდემიის (Covid-19) პირობებში საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა - 2018 წლის შედეგებთან შედარებით 2022 წელს საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არცერთ სფეროში (მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც შედეგები 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა" - წერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

მსგავსადვე, პანდემიის თანმდევ სირთულეებსა და მათ PISA-ს მონაცემებზე ასახვაზე საუბრობს განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილიც. მისივე მტკიცებით, კოვიდის გავლენების მიუხედავად საქართველოს მონაცემები არ გაუარესებულა. 

"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემები არ არის, ანუ იგივე მოცემულობაა, რაც იყო 2018 წელს, თუმცა, თუ გადავხედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე". - თქვა მახარაშვილმა.

PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგრამაა, რომელიც 15 წლის სკოლის მოსწავლეების უნარებს "რეალური ცხოვრებისეული გამოწვევების გასამკლავებლად" სამი მიმართულებით აფასებს: წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და მეცნიერება. 

ახლახან გამოქვეყნებულ PISA-ს 2022 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც 81 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, საქართველო OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს მის სამივე ნაწილში ჩამორჩება. საქართველოდან გამოკითხვაში 15 წლის 6 683-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

უფრო დაწვრილებით, 2022 წლის საქართველოს შედეგები ასეთია:

  • საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე.
  • საშუალო მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 476 ქულაა, მათემატიკაში 472, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 485.
  • საქართველოში მოსწავლეებმა OECD-ის საშუალოზე ნაკლები ქულები მიიღეს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
  • კერძო სკოლების მოსწავლეები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ.
  • 2018 წელთან შედარებით, წაკითხულის გააზრებაში საქართველოს მაჩვენებელი 6 ქულით შემცირდა და 374 ქულას შეადგენს, მათემატიკაში 390-ს (-8), საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 384-ს (+1).
  • სოფლებსა და დაბებთან შედარებით უფრო მაღალი შედეგებით თბილისში მაცხოვრებელი მოსწავლეებს აქვთ.
  • სქესის მიხედვით შედეგებში გოგოების მაჩვენებელი ბიჭებისას აღემატება.

გარდა უშუალოდ აკადემიური მიღწევებისა, კვლევის ფარგლებში შეისწავლეს მოსწავლეთა დამოკიდებულებები, საიდანაც იკვეთება შემდეგი:

  • 15 წლის ქართველი მოსწავლეებიდან ყოველი მეათე თავს გარიყულად გრძნობს, კიდევ ერთი მეათედი კი მარტოსულად.
  • მოსწავლეების 13% საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა.
  • მოსწავლეების 13% სკოლისაკენ მიმავალ გზაზე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, 11% საკლასო ოთახებში, ხოლო 14% სკოლის სხვა სივრცეებში, როგორებიცაა სასადილო, სადარბაზო დ.ა.შ
  • გოგონების 13%-მა და ბიჭების 15%-მა თქვა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც ხდებიან ბულინგის მსხვერპლები.
  • მოსწავლეების 53%-ის მითითებით, კოვიდპანდემიის გამო მათი სკოლა 3 თვეზე დიდხანს იყო დაკეტილი. დისტანციური სწავლებისას 32%-ს კვირაში ერთხელ მაინც ჰქონდა პრობლემა სასკოლო დავალებების გაგებასთან დაკავშირებით.

საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც 15 წლის მოსწავლეებში გამოცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში კი, ძირითადი საველე სამუშაოები ჩატარდა.

კომენტარები