PISA

სავარაუდოდ, რომ არა პანდემია, საქართველოს წინსვლა ექნებოდა – NAEC-ი PISA-ს კვლევაზე

გამოცდების ეროვნული ცენტრის შეეფასებით, "შეიძლება, ვივარაუდოთ - რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა". მიუხედავად იმისა, რომ OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის მონაცემების მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, საქართველოს შედეგები წაკითხულის გააზრებასა (-6) და მათემატიკაში (-8) შემცირდა, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრი, ისე განათლების მინისტრის მოადგილე ირწმუნებიან, რომ "საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არცერთ სფეროში".

"ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს. კოვიდპანდემიამ მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი მიაყენა ბევრ სექტორს, განსაკუთრებით განათლებას. COVID-19 იყო განათლების მდგრადობის ერთგვარი ტესტი იმის გასაგებად, შეძლებდნენ თუ არა საგანმანათლებლო სისტემები, სკოლები და მოსწავლეები მთელ მსოფლიოში მოულოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას. PISA 2022 წლის მონაცემები გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხეს სხვადასხვა ქვეყანაში ამ გლობალურ გამოწვევას განათლების  სისტემებმა, სკოლებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს კოვიდპანდემიის (Covid-19) პირობებში საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა - 2018 წლის შედეგებთან შედარებით 2022 წელს საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არცერთ სფეროში (მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც შედეგები 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა.

PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690 000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 15 წლის 29 მილიონ  მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები. 

მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ  შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა).

საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6 583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი - 3 202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი - 6 252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში" - წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამის (PISA)  ახალი მონაცემების მიხედვით,  საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს შედეგები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში შემცირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის სამივე ნაწილში საშუალო მაჩვენებლებს ჩამორჩება. საშუალო მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 476 ქულაა, მათემატიკაში 472, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 485. 

კომენტარები