ენდრიუ ტეიტი

ენდრიუ ტეიტი ამტკიცებს, რომ ფემინისტია და მას "მატრიცა" ებრძვის

ცნობილმა ინფლუენსერმა, ენდრიუ ტეიტმა ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ ფემინისტია და მის შეხედულებებს საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლების შესახებ ქალთა 85% იზიარებს. 

ტეიტის თქმით, ქალს არ უნდა უწევდეს მუშაობა და მისი ძირითადი მოვალეობაა იყოს ბედნიერი, კარგად გამოიყურებოდეს და შვილებისა და ქმარს უვლიდეს, ხოლო ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა სრულად მამაკაცის პასუხისმგებლობა უნდა იყოს. ჟურნალისტმა ტეიტის შეხედულებებს ქალებთან მიმართებით ქალთმოძულე უწოდა. 

პირს მორგანმა ტეიტს გაახსენა მის მიერ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერილი პოსტი, სადაც ტეიტი British Got Talent-ის ერთ-ერთი ჟიურის, ამანდა ჰოლდენის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ჰოლდენსი ბიკინიშია გამოწყობილი.

"შენ ხარ დედა და ცოლი, თინეიჯერობისგანაც შორს ხარ. ამ პოსტის არანაირი საჭიროება არ არის". – დაწერა ტეიტმა X-ზე.

ტეიტმა მორგანთან ინტერვიუში უარყო, რომ მისი პოსტი ქალთმოძულე ტონით იყო დაწერილი და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჰოლდენსისნაირ წარმატებულ ქალს არ სჭირდება სექსუალური ხასიათის ფოტოების გამოქვეყნება. შემდეგ ტეიტმა თქვა, რომ ის ფემინისტია, რადგანაც სწამს ქალთა გაძლიერების. 

"როგორც ფემინისტი, ჩვენ აქ ყველანი ფემინისტები ვართ და ყველას გვწამს ქალთა გაძლიერების, მას ვახსენებ მის ღირებულებას. [...] რა თქმა უნდა. მე მწამს ქალთა გაძლიერების და ქალთა გაძლიერება პირველ რიგში მოკრძალებაში გამოიხატება. ინსტაგრამზე ტანსაცმლის გახდა გაძლიერება არ არის. გაძლიერება არის, როდესაც ამბობ, რომ ჩემი ქმრის გარდა ჩემ სხეულს ვერცერთი კაცი ვერ ნახავს". – ამბობს ტეიტი.

ენდრიუ ტეიტმა ინტერვიუში ასევე ვრცლად ისაუბრა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე, რასაც რუმინეთის სასამართლო განიხილავს. ტეიტი უარყოფს ყველა ბრალდებას და ამტკიცებს, რომ მას "მატრიცა" ებრძვის, რადგან ის "ძალაუფლების წინააღმდეგია და სიმართლეს ლაპარაკობს კოვიდისა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ". მან თქვა, რომ ციხეში ჩასმა მისი გაჩუმების მეორე მცდელობაა და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ის მოკლან კიდეც.

ენდრიუ ტეიტს რუმინეთში გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მის ძმა ტრისტანსა და კიდევ ორ მოკავშირეს იგივე ბრალი წარედგინათ.

ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა.

მოსალოდნელია, რომ ტეიტის სასამართლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ენდრიუ ტეიტის წარმომადგენლის თქმით, სასამართლო პროცესი ძმების უდანაშაულობის დამტკიცებისთვის კარგი შესაძლებლობაა.

ძმები ტეიტები პირველად ბუქარესტში, საკუთარ სახლში დააკავეს. მარტში მოსამართლის გადაწყვეტილებით ისინი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. 4 აგვისტოს, ძმები ტეიტები მოსამართლემ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები