ენდრიუ ტეიტი

ტრეფიკინგის საქმეზე ენდრიუ ტეიტი რუმინეთში დააკავეს

REUTERS

ონლაინ ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტი რუმინეთში ტრეფიკინგისა და გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით, ძმასთან, ტრისტანთან ერთად დააკავეს. ტეიტის სახლი დედაქალაქ ბუქარესტში გაჩხრიკეს. Reuters-ის ცნობით, ძმების ადვოკატმა მათი დაკავება დაადასტურა.

რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, სადაც არ დაასახელა ძმები ტეიტები, თუმცა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ორი მოქალაქე და რუმინეთის ორი მოქალაქე ეჭვმიტანილები არიან ტრეფიკინგზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრობაში.

ყოფილმა კიკბოქსერმა პოპულარობა 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ის ბრიტანული სატელევიზიო შოუდან, Big Brother-დან გააგდეს. შოუს გადაწყვეტილების მიზეზი გავრცელებული ვიდეო იყო, სადაც ჩანდა, როგორ ესხმის თავს ტეიტი ქალს. 

მას Twitter-ის ანგარიში მას შემდეგ გაუქმეს, რაც თქვა, რომ მსხვერპლი ქალებიც ატარებენ პასუხისმგებლობას სექსუალურ ძალადობაზე. 

ტეიტს ანგარიშები ასევე გაუქმეს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზეც - YouTube, Facebook, Instagram და TikTok. ამ უკანასკნელმა აკრძალვისას აღნიშნა, რომ "მიზოგინია არის სიძულვილის შემცველი იდეოლოგია, რომელიც [პლატფორმისთვის] მიუღებელია".

მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს გამოძიება ძმებზე და მათთან ერთად 2 რუმინელ ეჭვმიტანილზე.

კომენტარები