ენდრიუ ტეიტი

ენდრიუ ტეიტსა და მის ძმა, ტრისტანს პატიმრობიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანენ

რუმინელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, ონლაინ ინფლუენსერ ენდრიუ ტეიტსა და მის ძმა, ტრისტანს პატიმრობიდან შინაპატიმრობაში დაუყონებლივ გადაიყვანენ.

ძმები დეკემბერში დააკავეს და გამოძიება გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის ბრალდებით მიმდინარეობს, თუმცა დანაშაული ორივემ უარყო.

რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატი (DIICOT) ამტკიცებს, ეჭვმიტანილები მსხვერპლთა შეცდომაში შეყვანას სისტემატურად ცდილობდნენ - ისინი მსხვერპლს აჯერებდნენ, რომ მათთან დაქორწინებას აპირებდნენ და რუმინეთში გადაჰყავდათ. მოგვიანებით კი, ძალადობის გზით მათ სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ამასთან, ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა მსხვერპლი 2022 წლის მარტში ორჯერ გააუპატიურა. 

ონლაინ ინფლუენსერის ენდრიუ ტეიტის თქმით, რუმინეთში სამართლიანი მართლსაჯულება არ არსებობს და ტრეფიკინგსა და გაუპატიურებასთან დაკავშირებით პროკურატურა მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს არ ფლობს. 

"მათ იციან, რომ არაფერი დაგვიშავებია". - თქვა ტეიტმა 26 იანვარს.

16 იანვარს, რუმინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ენდრიუ ტეიტს 4 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები ჩამოართვეს. ქვეყნის აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოს (ANABI) თქმით, ჩამორთმეულ 29 აქტივს შორის არის ავტომობილები, ძვირადღირებული საათები და თანხა სხვადასხვა ვალუტაში. 

ყოფილმა კიკბოქსერმა პოპულარობა 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ის ბრიტანული სატელევიზიო შოუდან, Big Brother-დან გააგდეს. შოუს გადაწყვეტილების მიზეზი გავრცელებული ვიდეო იყო, სადაც ჩანდა, როგორ ესხმის თავს ტეიტი ქალს. 

ტეიტს ანგარიშები ასევე გაუქმეს სოციალური მედიის პლატფორმებზე - YouTube, Facebook, Instagram და TikTok. ამ უკანასკნელმა აკრძალვისას აღნიშნა, რომ "მიზოგინია არის სიძულვილის შემცველი იდეოლოგია, რომელიც [პლატფორმისთვის] მიუღებელია".

კომენტარები