ენდრიუ ტეიტი

FT: ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, აიძულოს რუმინეთი, მოუხსნას შეზღუდვები ძმებ ტეიტებს

ენდრიუ ტეიტი (მარცხნივ) და ტრისტან ტეიტი
Photo: Associated Press

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, აიძულოს რუმინეთის ხელისუფლება, მოუხსნას სამოგზაურო შეზღუდვები ამერიკელ ინფლუენსერ ენდრიუ ტეიტს, რომელიც ტრამპის ღია მხარდამჭერია, თუმცა ბუქარესტის სასამართლოს მიერ სისხლის სამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული. ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს

ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა ტრისტან ტეიტი, რომლებიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ, 2022 წელს რუმინეთის დედაქალაქში ტრეფიკინგის, სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის ბრალდებებით დააკავეს. ძმები ბრალდებებს უარყოფენ. 

FT-ის ინფორმაციით, ტეიტების საქმის საკითხი ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თავდაპირველად რუმინეთის მთავრობასთან სატელეფონო ზარის დროს წამოჭრეს, ხოლო ამის შემდეგ - ტრამპის ელჩმა საგანგებო საკითხებში, რიჩარდ გრენელმა, როდესაც ის გასულ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. 

ერთ-ერთი ანონიმური წყარო, რომელიც FT-ს ესაუბრა, ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნაა, ტეიტებს პასპორტები დაუბრუნდეთ და მოგზაურობის საშუალება მიეცეთ მანამ, სანამ ბუქარესტის სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს. 

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემილ ჰურეზეანუმ უარი თქვა გრენელთან საუბრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. მინისტრის პრესსპიკერის თქმით, გრენელთან შეხვედრა ჰურეზეანუს ინიციატივით შედგა და ისინი "დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობენ", ვინაიდან ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ორივე ბერლინში თავიანთი ქვეყნების ელჩებად მსახუროდნენ. 

თუმცა პრესსპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია ტეიტების საკითხზე. მისი თქმით, "რუმინეთის სასამართლოები დამოუკიდებლები არიან და ოპერირებენ კანონის საფუძველზე, პროცესი კი მიმდინარეობს". 

გრენელის თქმით, რუმინეთის უმაღლეს დიპლომატთან საკითხზე "საფუძვლიანი საუბარი" არ ჰქონია და ის "ძმებ ტეიტებს მხარს უჭერს, რასაც მისი საჯაროდ ხელმისაწვდომი "ტვიტები" ადასტურებს". 

ცოტა ხნის წინ გრენელმა X-ზე დაწერა, რომ რუმინეთი "ბოლოდროინდელი მაგალითია", თუ "როგორ გამოიყენებენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დახარჯულ თანხებს იმ ადამიანებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც "ვოუქ" (woke) არ არიან". 

ძმებმა ტეიტებმა გასული წლის დეკემბერში რუმინეთში ერთ-ერთ საქმეში გაიმარჯვეს მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო მათი სარჩელი დააკმაყოფილა. ტეიტები შინაპატიმრობისგან გათავისუფლდნენ, თუმცა დღემდე რუმინეთის დატოვების უფლება არ აქვთ. 

ძმებს ბრალი რუმინეთში ოფიციალურად 2023 წელს წარუდგინეს გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე. მათთან ერთად იგივე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინათ. 

ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა. მათ წინააღმდეგ საქმის განხილვა დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.

კომენტარები