ცნობილ ინფლუენსერ ძმებს, ენდრიუ და ტრისტან ტეიტებს აშშ-ში ქალი პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის მცდელობისთვის სასამართლოში უჩივის.
23 წლის ჯეინ დოუს მიხედვით, ძმები ცდილობდნენ მოტყუებით მის რუმინეთში ჩაყვანას და პროსტიტუციაში იძულებით ჩართვას, ხოლო მას შემდეგ, რაც მან რუმინეთის სასამართლოს ძმების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ტეიტები მას საჯაროდ დისკრედიტაციით ემუქრებოდნენ.
2023 წელს ძმებმა დოუს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლეს. მათი მტკიცებით, ქალმა მათ დასაკავებლად რუმინეთის სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
ეს არის ენდრიუ და ტრისტან ტეიტის წინააღმდეგ პირველი საჩივარი აშშ-ს სასამართლოში.
ძმებს ბრალი რუმინეთში ოფიციალურად 2023 წელს წარუდგინეს გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე. მათთან ერთად იგივე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინათ.
ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა. მათ წინააღმდეგ საქმის განხილვა დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.