საქართველოს მთავრობა

ლიცენზიის გარეშე აშენებული სახლები მეპატრონეებს დაუკანონდებათ – მთავრობის ინიციატივა

რატი ბრეგაძე

2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგომ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა, ამნისტია გავრცელდება და მოქალაქეებს საკუთრების დაკანონების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ინიციატივა მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება და იმ საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდება, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრამდე აშენდება. ბრეგაძის განცხადებით, ამ თარიღის შემდეგ აშენებული სახლების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებას პროექტი აღარ ითვალისწინებს. 

ბრეგაძის თქმით, პროექტის ფარგლებში შენობა-ნაგებობები უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ამ სახლებში მცხოვრებთ კი ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა აღარ მოუწევთ. საკუთრების რეგისტრაციისთვის მათ ორი მეზობლის თანხმობა დასჭირდებათ იმაზე, რომ საცხოვრებელი სახლი აშენებულია 2024 წლის 1 იანვრამდე.  

"ეს ინიციატივა ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ჩვენი ვარაუდით, დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ უნდა იყოს აღებული ნებართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან, შეთანხმებული უნდა იყოს პროექტი, მხოლოდ ასეთ ინდივიდუალურ სახლებზე განხორციელდება მომავალში რეგისტრაცია საჯარო რეესტრში" - თქვა ბრეგაძემ. 

 ბრეგაძის თქმით,  პრემიერის ინიციატივით შექმნილი პროექტი პარლამენტს წარედგინება. 

კომენტარები