ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლულა: ისრაელის პასუხი ისევე მძიმეა, როგორც ჰამასის მიერ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმა

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა 13 ნოემბერს ღაზის სექტორიდან ევაკუირებულ ბრაზილიის მოქალაქეებს დახვდა და სიტყვით გამოსვლისას 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმა და ისრაელის მხრიდან საპასუხო ქმედებები "სიმძიმით" ერთმანეთს გაუტოლა.

ლულას თქმით, ისრაელი "განურჩევლად კლავს ბავშვებს" და დაამატა, რომ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ასეთი სასტიკი და არაადამიანური ძალადობა მას არასდროს უნახავს.

პრეზიდენტი ლულას გამოსვლას ბრაზილიაში ებრაული თემის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათ დაგმეს პრეზიდენტის "არასწორი, უსამართლო და სახიფათო" მიმართვა, რომელშიც ლულამ "ჰამასი და ისრაელი ერთ დონეზე დააყენა".

ბრაზილიაში, არგენტინის შემდეგ, ყველაზე მეტი, 120 000 ებრაელი ცხოვრობს.

ქვეყნები ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებაში სდებენ ბრალს:


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები