ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰილარი კლინტონი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰამასმა ისრაელზე თავდასხმით დაარღვია

ჰილარი კლინტონი
Brendan Smialowski / AFP 2018

8 ნოემბერს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გადაცემა The View-ში ისრაელში მიმდინარე ომს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც იგი ღაზის სექტორში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ არ მოუწოდებს, არის ის ფაქტი, რომ ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები მუდმივად აქვს დარღვეული.

"არ დაგვავიწყდეს, რომ 6 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობდა, რომელიც ჰამასმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ბარბაროსული თავდასხმით დაარღვია. შეთანხმება არ შენარჩუნდა, რადგან ჰამასმა მისი დარღვევის გადაწყვეტილება მიიღო", - თქვა ჰილარი კლინტონმა The View-ში.

კლინტონის თქმით, მრავალი წლის განმავლობაში პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის მშვიდობის დამყარების მცდელობები იყო, თუმცა აუცილებელია, "განიდევნოს ჰამასი და მოვიდეს ხელმძღვანელობა, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს ფორმატით გადაჭრისთვის იმუშავებს".

ჰილარი კლინტონმა ასევე მძევლების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ჰამასის მიერ აყვანილ 240 მძევალს შორის, არამარტო ისრაელის მოქალაქეები არიან, რის ეს "მულტინაციონალური კრიზისია".


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები