ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ომის დაწყებიდან დღემდე ჰამასის გვირაბების 130 შესასვლელი გავანადგურეთ (VIDEO)

ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის გვირაბის ერთ-ერთ შესასვლელს ანადგურებს
IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებული ცნობით, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე, მათ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გვირაბების ქსელის 130-მდე შესასვლელი გაანადგურეს.

ისრაელის თქმით, ამ ეტაპზე ისინი ჰამასის ინფრასტრუქტურის აღმოჩენასა და განადგურებას ცდილობენ. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში წყლისა და ჟანგბადის საწყობები აღმოაჩინა, რაც მიანიშნებს, რომ ჰამასი გვირაბებში დიდი ხნით გამაგრებას გეგმავდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანთის თქმით, ქალაქ ღაზის ქვეშ კილომეტრობით გვირაბებია, რომლებიც სკოლებისა და საავადმყოფოების ქვეშ გადის. გვირაბებში ჰამასის შეიარაღება, საკომუნიკაციო ოთახები და ბუნკერებია განთავსებული.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება 2 ნოემბერს გამოაცხადა.

"ჩვენ გვირაბებში შესასვლელებს დავანგრევთ. ეს სიკვდილის ზონად იქცევა. მათ შეცდომა დაუშვეს - ისეთ ადგილზე გადაწყვიტეს ყოფნა, საიდანაც გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი გვირაბებში მოკვდებიან", - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა ოფიცერმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ იაირ გოლანმა ინტერვიუში თქვა, რომ "IDF-ის ჯარისკაცები ჰამასის გვირაბებში არავითარ შემთხვევაში შევლენ". მისი თქმით, გვირაბებში შესვლის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან უფრო ბრძნული იქნება, თუ IDF გვირაბების შესასვლელებს იპოვის და გაანადგურებს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები