ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გალანთი: ჩვენი ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იბრძვიან, უმაღლესი ლიდერი გვირაბშია ჩაკეტილი

იოავ გალანთი 2023 წლის 7 ოქტომბრის სიტყვით გამოსვლის დროს.
Elad Malka/Defense Ministry

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანთის მიერ 7 ნოემბერს გავრცელებული ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზის სიღრმეში სამხედრო მოქმედებებს ახორციელებენ.

"IDF-ის ძალები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოვიდნენ. სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების ერთობლივი კოორდინირებით ქალაქ ღაზაზე იერიში მიიტანეს", - თქვა გალანთმა პრესკონფერენციაზე.

გალანთის თქმით, ქალაქ ღაზის ქვეშ კილომეტრობით გვირაბებია, რომლებიც სკოლებისა და საავადმყოფოების ქვეშ გადის. გვირაბებში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის შეიარაღება, საკომუნიკაციო ოთახები და ბუნკერებია განთავსებული.

ამასთანავე, გალანთის ცნობით, ჰამასის ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური იაჰია სინვარი ამ ეტაპზე გვირაბშია "იზოლირებული".

ქალაქ ღაზაში მცხოვრებლებმა ევაკუაციის შემდეგ თქვეს, რომ ქალაქიდან გამოსვლისას ქალაქის გარშემო ისრაელის ტანკები იყო განლაგებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ქალაქ ღაზაში მიმდინარე მოქმედებებზე ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც ისაუბრა.

"ქალაქი ღაზა ალყაშია, ჩვენ კი ქალაქის შიგნით ვმოქმედებთ. ყოველ საათსა და დღეს ჰამასზე წნეხს ვზრდით. ამ დროისთვის ათასობით ტერორისტი მოვკალით", - თქვა ისრაელის პრემიერმა ტელევიზიით მიმართვისას.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები