მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

პრემიერი კირბალზე: მომხდარი ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.

ამ უმძიმეს ტრაგედიას გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. სახელმწიფო ამ მძიმე წუთებში მათ გვერდით დგას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები