ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელში მოკლულად მიჩნეული 8 წლის გოგონა შესაძლოა ტერორისტებს ჰყავდეთ გატაცებული

8 წლის ემილი ჰენდი, რომელიც მოკლულად მიიჩნეოდა, თუმცა ახლა ჰამასის მიერ გატაცებულად თვლიან
FAMILY PHOTO

დუბლინში დაბადებულ ისრაელელს, ტომ ჰენდს, რომელსაც თავდაპირველად მისი 8 წლის ქალიშვილის, ემილი ჰენდის მკვლელობის შესახებ აცნობეს, ახლა უთხრეს, რომ შესაძლოა გოგონა ჰამასს მძევლად ჰყავდეს აყვანილი.

ისრაელში ირლანდიის საელჩომ ირლანდიურ მაუწყებელ RTÉ-ს დაუდასტურა, რომ ახლა ემილის არა მოკლულად, არამედ გატაცებულად მიიჩნევენ.

ჰამასის თავდასხმის დროს 8 წლის გოგონა, რომელსაც ირლანდიის მოქალაქეობაც აქვს, ღაზასთან ახლოს მდებარე კიბუც ბეერიში იმყოფებოდა. მალევე ოჯახს შეატყობინეს, რომ ემილის დაღუპულად მიიჩნევდნენ.

თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გოგონას მამამ, ტომ ჰენდმა ემოციური ინტერვიუ მისცა CNN-ს და თქვა, რომ როდესაც მისი ქალიშვილის დაღუპვის შესახებ შეატყობინეს, შვება იგრძნო, რადგან ის, რასაც ღაზაში მძევლები გადიან, სიკვდილზე უარესია.

საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ბეერიში მსხვერპლთა შორის ემილის დნმ არ აღმოჩნდა. ემილის ნახევარდის, ნატალი ჰენდის თქმით, ისინი უკვე გლოვობდნენ, როდესაც ახალი ამბავი შეატყობინეს. მან Channel 12-თან ინტერვიუში თავის დასაც მიმართა.

"მინდა გითხრა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სახლში დაგაბრუნოთ. ვიცით, რომ მძევლად ხარ აყვანილი. ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები". - თქვა მან.

როგორც 5 ნოემბერს RTÉ-სთან საუბრისას გოგონას ოჯახის წევრებმა თქვეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მათ უკვე შეატყობინეს, რომ ემილის ღაზაში მძევლად ყოფნის "დიდი ალბათობა" არსებობს.

კიბუც ბეერიში ჰამასის ტერორისტებმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დასახლების ათობით მცხოვრები ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება და ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ბოლო განცხადების თანახმად, ჰამასის მძევლებს შორის 242 ადამიანია.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები