გატაცება

"ჩვენი ტანჯვა ყოველ წამს იმატებს" – ლუის დიასი მამის გათავისუფლებას ითხოვს

"თავისუფლება მამაჩემს" - წარწერა ლუის დიასის მაისურზე
X@brfootball

საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ფეხბურთელი, ლუის დიასი კოლუმბიის ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიას [ELN] მამამისის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს.

5 ნოემბერს, ლუთონი-ლივერპულის მიმდინარეობისას მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლუის დიასმა დამატებით დროში გოლი გაიტანა, აღნიშვნისას კი მაისური გაიხადა და შიდა წარწერა გამოაჩინა - "თავისუფლება მამაჩემს".

მატჩის დასრულების შემდეგ, დიასმა სოციალურ ქსელებში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ოჯახის ტანჯვა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც მამამისი თავისუფალი იქნება.

"ELN-ს ვთხოვ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მამაჩემი და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვ შუამავლობას მისი თავისუფლებისთვის. ჩვენი ტანჯვა ყოველ წამს და ყოველ წუთს იმატებს. დედაჩემი, ჩემი ძმები და მე სასოწარკვეთილები ვართ და ჩვენი გრძნობების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. ეს ტანჯვა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ის [მამა] ისევ ჩვენთან იქნება". - წერს დიასი.

მან ასევე მადლობა გადაუხადა კოლუმბიელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.

29 ოქტომბერს, ლივერპულმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს. მალევე კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თქვა, რომ ფეხბურთელის დედა იპოვეს, თუმცა, მამამისი კვლავ ძებნაშია.

3 ნოემბერს, გატაცებაზე პასუხისმგებლობა მარქსისტ-ლენინისტურმა ეროვნულმა განმათავისუფლებელმა არმიამ [ELN] აიღო. იმავე დღეს, მათივე წარმომადგენლმა თქვა, რომ დიასის მამა მალე გათავისუფლდებოდა.

კომენტარები