გატაცება

ლივერპულის ფეხბურთელის, ლუის დიასის გატაცებული დედა იპოვეს, მამას კი კვლავ ეძებენ

ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა, ლივერპულმა დაადასტურა, რომ მათი კოლუმბიელი მოთამაშის, ლუის დიასის მშობლების გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თქვა, რომ ფეხბურთელის დედა უკვე იპოვეს, თუმცა, მამამისი კვლავ იძებნება.

მშობლების გატაცების გამო, ლუის დიასს დღეს, 29 ოქტომბერს ლივერპულსა და ნოტინგემ ფორესტს შორის ჩატარებულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

"რა თქმა უნდა, ლუის დიასის პირადი სიტუაციის გამო ეს დაგვიანებული ცვლილება მოგვიწია". – თქვა მატჩამდე გუნდის მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა. 

მისივე თქმით, მდგომარეობა გუნდში ყველასთვის სანერვიულოა და ამ ამბის გაგება "შოკისმომგვრელი" იყო.

"ეს ამბავი გუშინ ღამით გავიგეთ და ყველაზე რთული იყო, რაც გამიგია". – თქვა კლოპმა თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანვე დაამატა, რომ მთლიანი გუნდი იმედოვნებს და ლოცულობს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. დიასისა და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამაც გამოხატა.

ნოტინგემთან მატჩის დროს, ლივერპულის გულშემატკივრებმა თამაშში დაწინაურების შემდეგ, დიასის მიმართ თანადგომა მისი ნომრის მაისურის აწევით გამოხატეს.

ლივერპულის ფეხბურთელის, ლუის დიასის მშობლები კოლუმბიაში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ. ცოლ-ქმარი სახლში ბრუნდებოდა, როცა გამტაცებლებმა გააჩერეს, თავიანთ მანქანაში გადასვეს და წაიყვანეს.

კომენტარები