ანაკლიის პორტი

ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება

მთავრობის ადმინისტრაცია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 3 ნოემბერს ისაუბრა

"ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი, 50 მლნ ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, ასეთი გეგმის მიხედვით, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ახალი ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება. მაქსიმუმ დეკემბერ–იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი–აპრილში" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

2022 წლის 12 დეკემბერს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება, თუმცა პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.

3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

2023 წლის 30 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განსახილველად არ მიიღო.

კომენტარები