ანაკლიის პორტი

ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ანაკლიის პორტის საქმეზე საქართველოს მთავრობასა და შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის მიმდინარე დავაზე საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ბრეგაძის თქმით, არბიტრაჟმა პარტია ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვა ინვესტორების სარჩელი არ დააკმაყოფილა, მთავრობა გაამართლა და პირიქით, მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა. 

"29 ივლისს, პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვით, ეს დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში, პორტის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ, საქართველოს მთავრობასა და შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, ხელშეკრულება შეეწყვიტა. მოსარჩელე ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას სადავოდ ხდიდა და დაახლოებით, 1.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვდა. არბიტრაჟმა კი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დაადგინა, რომ მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადების მიუხედავად, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო [...] არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა და მოსარჩელის მოთხოვნა 1.5 მილიარდი დოლარის ანაზღაურების შესახებ, უარყოფილია. პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა". - თქვა ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის გადაწყვეტილებას თავად ერთ-ერთი მოსარჩელე, მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ეს განაჩენი გულდასაწყვეტია. 


საარბიტრაჟო სარჩელი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შეიტანეს. სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობასა და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას.

კომენტარები