ანაკლიის პორტი

ლილუაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე: ხაზარაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს

ბექა ლილუაშვილი
ტაბულა/ზურაბ ცერცვაძე

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი ანაკლიის პორტის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ამ განაჩენის შემდეგ, მამუკა ხაზარაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს.

"ჩვენ ხელისუფლებაში ის გუნდი ვიყავით, რომელიც ანაკლიის პროექტის განხორციელებას ყველანაირად ცდილობდა. იმისთვის, რომ ამ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს დავხმარებოდით, მაშინ ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ცვლილება კონსტიტუციაშიც შევიტანეთ. ეს დამატებითი გარანტიები იყო, რომ როგორმე მივხმარებოდით.

ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავდით, როგორ ხდებოდა ამ საქმის პოლიტიზება 4 წლის განმავლობაში.და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეტევები მოდიოდა. ამიტომ, ალბათ, მამუკა ხაზარაძისთვის ესეც რთული იქნება, მაგრამ მას ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და წერტილი დაუსვა, ბოდიშის მოხდა მოუწევს - სხვაგვარად, ჩვენ ლელოს, როგორც პოლიტიკურ ძალას, არჩევნებში წარმატებას ვუსურვებთ". - თქვა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, როცა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იყო.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ანაკლიის პორტის საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟმა პარტია ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვა ინვესტორების სარჩელი არ დააკმაყოფილა, მთავრობა გაამართლა და პირიქით, მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა.

საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის გადაწყვეტილებას თავად ერთ-ერთი მოსარჩელე, მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ეს განაჩენი გულდასაწყვეტია. 


საარბიტრაჟო სარჩელი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შეიტანეს. სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობასა და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას.

კომენტარები