ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

"უზენაესში ბრალდება ვერ დადასტურდა, ფულის გათეთრება არ ყოფილა" — ხაზარაძე

Mamuka Khazaradze / Facebook

"რუსების დაკვეთითა და ბიძინას პროკურატურის მიერ შეთითხნილი ფულის გათეთრების საქმე დასრულდა". - გამოეხმაურა პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც განსახილველად არ მიიღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე.

"რას მიაღწიეს? - გააჩერეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები, ქვეყანას წაართვეს ინვესტიცია, ჩაშალეს საუკუნის პროექტის, ანაკლიის მშენებლობა, ქვეყნის განვითარება ათეული წლით უკან დახიეს და რუსების დავალება პირნათლად შეასრულეს". - წერს მამუკა ხაზარაძე.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისინი მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტის შესაქმნელად, რომ "პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საქართველოში აღარასოდეს იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო".

2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ისინი დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ვერ დააპატიმრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარეს უზენაეს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.


TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ ამომწურავად ილაპარაკა საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო დეტალებზე. მათ შორის საუბარი იყო ე.წ მუქარის წერილზე, რომელიც მან მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მოგვიანებით, 2021 წლის 10 ივნისს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში თავად გადასცა ბადრი ჯაფარიძეს. 

წერილის გარდა 2019 წლის მარტში საპარლამენტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ საქმის ირგვლივ არსებულ სხვა დეტალებზეც ისაუბრა, მათ შორის სების პრეზიდენტის, კობა ნაყოფიასგან შანტაჟის ენის გამოყენებაზე, 4 უწყების მხრიდან TBC ბანკზე კოორდინირებულ შეტევაზე, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გამოუძიებელი კიბერშეტევა და კონფიდენციალურობისა და უდანაშაულოს პრეზუმფციის პრინციპების დარღვევაზე. 

სწორედ ამ გამოძიების ფონზე, 2019 წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლისა და პარტია ლელოს დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს

კომენტარები