პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა. პრემიერის თქმით, მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან. მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 28 500 000 ლარი იქნება. ბიუჯეტის დეფიციტს შემდეგი წლისთვის 2.5% ვარაუდობენ.
პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის 700-მილიონიანი ზრდა დააანონსა. დამატებითი შემოსავლების მობილიზება საბანკო სექტორიდან და აზარტული თამაშების ბიზნესიდან მოხდება. ახალი ბიუჯეტის გეგმით განსაზღვრულია ხელფასებისა და პენსიების ზრდა, ასევე, იზრდება სამინისტროების დაფინანსებები.
- მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას პენსია 500 ლარამდე გაეზრდება, 400 ლარი ექნება 70 წელს ქვემოთ მოქალაქეებს.
- ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი 10%-ით.
განათლების სამინისტროს დაფინანსება 160 მილიონით იზრდება და ჯამში 2.5 მილიარდი ლარს შეადგენს.
- სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება 500 ლარით და მეტით.
ჯანდაცვის სამინისტრო, 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დამატებით მიიღებს 65 მილიონ ლარს, უწყების ბიუჯეტი ჯამურად 7 800 000 ლარია.
- პენსიონერები 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.
- ონკოლოგიურ პაციენტებს დაავადების ადრეული კვლევის ხარჯები დაუფინანსდებათ.
ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია გაიზრდება 1 000 ლარამდე. აქამდე, ყოფილი პოლიციელები და ჯარისკაცები მაქსიმუმ 560 ლარს იღებდნენ. პრემიერის თქმით, თითოეულ ნამსახურებ წელზე, საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება თანხის მოცულობა.
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ან მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება.
- 9 აპრილის მონაწილეთა და პოლიტიკურად რეპრესირებულთა ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯების სუბსიდირება გაიზრდება 7-ლარიანი - 40 ლარამდე, 22-ლარიანი - 60 ლარამდე, 44-ლარიანი - 80 ლარამდე.
მთავრობა საცხოვრებლით უზრუნველყოფს 1000-მდე უსახლკარო, ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი. პროგრამა იქნება ორწლიანი და ჯამურად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 2024 წლისთვის ჯამურად 800 მილიონი ლარი იქნება, დამატებით 150 მილიონი ლარი.
- ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. მშენებლობა დაიწყება გაზაფხულზე, გამარჯვებული ინვესტორი გამოვლინდება დეკემბერ-იანვარში.
- აეროპორტების მშენებლობისთვის დამატებითი 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე თელავის აეროპორტი და ვაზიანის აეროპორტის პროექტირება, კვლევების დასრულება.
ძალოვანი უწყებებისთვის, ახალი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა. თავდაცვის სამინისტრო მიიღებს დამატებით 10 მილიონს, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 50 მილიონს, საიდანაც 30 მილიონი ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენას.
სპორტის განვითარებისთვის გამოიყოფა 20 მილიონი ლარი. აქედან 15 მილიონი მოხმარდება ფედერაციებს, ხოლო 5 მილიონი - დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდას.