საბანკო სექტორი

ღარიბაშვილი: 2024 წელს დამატებით 300 მლნ ლარს საბანკო-საფინანსო სექტორიდან მივიღებთ

ირაკლი ღარიბაშვილი
ტაბულა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომავალ წელს საბანკო-საფინანსო სექტორიდან ბიუჯეტში დამატებით 300 მილიონი ლარი შევა. 

"ბიუჯეტის განხილვის პროცესში დამატებითი საჭიროებები გამოიკვეთა. ეს პერიოდი ვმუშაობდით და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე გაკეთდა აქცენტი. გავაანალიზეთ საბანკო სექტორში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, გამოიკვეთა, რომ 2024 წელს ჩვენ შეგვეძლება დამატებით 300 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება საბანკო-საფინანსო სექტორიდან. [...] მომდევნო წელს ვითვალისწინებთ მათ [ბანკების] მოგებას. ეს დაკვირვება გაგრძელდება და ვნახავთ კიდევ დამატებით რა რესურსი შეიძლება გამოინახოს". - თქვა ღარიბაშვილმა. 

აქამდე, გასული წლის დეკემბერში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15%-ის ნაცვლად 20% იქნებოდა და 2024 წლიდან ამ სექტორიდან დამატებითი შემოსავლის მიღება დააანონსა. 

პარალელურად ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადავიდოდნენ. 

"[ესტონური მოდელის ჩანაწერის გაუქმების] ინიციატივით შევდივართ პარლამენტში, იმიტომ, რომ უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, ორი მილიარდი სუფთა მოგება იქნება ბანკებისთვის წლის ბოლომდე". - თქვა ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს. 

2016 წელს პარლამენტმა მიიღო "ესტონური მოდელის“ შემოღების რეფორმა, ხოლო 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო მისი განხორციელება.

ესტონური მოდელის დანერგვის მიზანი ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარება იყო. ამ მოდელით კომპანია იბეგრება მხოლოდ მაშინ, თუ ეს მოგება კომპანიიდან გადის. თუ ეს მოგება კომპანიაშივე რჩება, მაშინ კომპანია ამ თანხაზე მოგების გადასახადს არ იხდის. ამით მთავრობა კომპანიას ახალისებს, რომ თანხა, რომლის აკუმულირებაც მან მოახერხა, დარჩეს კომპანიაში, რათა ბიზნესი გაფართოვდეს.

კომენტარები