მთავრობის სხდომა

ავლაბრის მეტროსადგური შესაძლოა ორი კვირით დაიხუროს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ ავლაბრის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების პროცესში, სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარება გამოიკვეთა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩატარდა რამდენიმე საექსპერტო კვლევა და მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა.

„დაწყებული გაქვს მეტროსადგურ ავლაბრის ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვინაიდან ის იყო ავარიულ მდგომარეობაში. პირველ რიგში, უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა- ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარება. შესაბამისად, როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო კომპანიის მონაწილეობით, დაიგეგმა და შესაბამისი საექსპერტო კომპანიების მეშვეობით განხორციელდა რამდენიმე კვლევა, როგორც კონსოლის დემონტაჟის აუცილებლობის, ასევე, დემონტაჟის შემთხვევაში, დარჩენილი შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლის მიზნით.

საექსპერტო დასკვნების მიღების შემდეგ, მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი და დოკუმენტაციის სრული პაკეტი საბოლოო ექსპერტიზისთვის წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. უახლოეს დღეებში ველოდებით ბიუროს დასკვნას, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად".-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კონსოლის დემონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტროსადგურ ავლაბრის ორი კვირით დახურვა. თბილისის მერის განცხადებით, თუ აღნიშნულის აუცილებლობა დადგა, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.  

რაც შეეხება მეტროსადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კახა კალაძის თქმით, ის, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები