მთავრობის სხდომა

წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება — პრემიერი

საქართველოს მთავრობა

დღეიდან, 11 სექტემბრიდან, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდია ორმაგდება. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გასაცემი თანხის ოდენობა 150 ლარიდან 300 ლარამდე გაიზრდება. 

გაორმაგდება იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც ისარგებლებენ სტიპენდიით და მათი რიცხვი 2 500-ის ნაცვლად, 5 000 იქნება. პრემიერის თქმით, "სიმბოლური თანხა" ემსახურება სტუდენტების წახალისებასა და მათი შრომის დაფასებას. 

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ უმაღლესი სასწავლებლები აღარ დაადგენენ კრიტერიუმებს და იხელმძღვანელებენ საერთო შესარჩევი კრიტერიუმებით, რომელსაც ბრძანებით დაამტკიცებს მინისტრი.

"ახალი შესარჩევი კრიტერიუმები, აკადემიურ მიღწევებთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა სასწავლო სტუდენტურ აქტივობას, მათ შორის, საუნივერსიტეტო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო, შემოქმედებით-კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართულობას.

ასევე, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა (4 და მეტი შვილი) და სხვა.'' - ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე.

კომენტარები