ირაკლი ღარიბაშვილი

სათამაშო ბიზნესი მოგების 15%-ით, თანხის გატანა 5%-ით დაიბეგრება - ღარიბაშვილის ინიციატივა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესი 2024 წლიდან მოგების 15%-ით დაიბეგრება, დღეს მოქმედი 10%-იანი განაკვეთის ნაცვლად. ასევე, იცვლება თანხის გატანის საკომისიო, 2%-დან 5%-მდე. ცვლილებები მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგინა. 

ცვლილებების ხარჯზე, პრემიერის თქმით, ბიუჯეტში 400 მილიონი ლარი შევა. 

"აქვე მინდა, ერთი მხრივ, გაკვირვება გამოვხატო და მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისათვის, ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში.

იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და ასევე 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, ავტომატურად 1,5 მილიონ მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადასახადები გავუზარდოთ ამ ბიზნესს. როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ამოღებული" - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

საქართველოს მთავრობას სათამაშო ბიზნესს მკაცრად არეგულირებს. საქართველოს კანონმდებლობით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება. 

თუმცა, შეზღუდვების მიუხედავად, უკანასკნელ წლებში საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია მაღალი ტემპით იზრდება. პრემიერის თქმით, ეს მაჩვენებელი 2022 წელს 48-დან 52 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის საერთო ბრუნვის მოცულობა  2017 წელს 6 მილიარდი ლარი იყო, 2020 წელს კი – 32.1 მილიარდი ლარი. 

კომენტარები