ქორწინების იძულება

14 წლის შვილს ქორწინებას აიძულებდა, მოზარდი სახლიდან გაიქცა – მარნეულში დედა დააკავეს

პროკურატურა

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა." - აცხადებს პროკურატურა.


ბოლო პერიოდში ეს არასრულწლოვანისთვის ქორწინების იძულების პირველი შემთხვევა არ არის. 6 ოქტომბერს საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" მოკლა. ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მოკლულის დედა და ბიძა.

კომენტარები