ქორწინების იძულება

ფონიჭალაში 11 წლის ბავშვის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის

ფონიჭალაში 11 წლის არასრულწლოვნის შესაძლო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის. 

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი,  სახელწიფოს მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

"სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით". – წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 


შესაძლო ნიშნობის ფოტო Facebook-ზე გავრცელდა. მოქალაქე გულენ მოვლუდმა საქართველოს მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდა. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

კომენტარები