ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

7 ოქტომბერს ისევ და ისევ გავიმეორებთ – ჰამასის წარმომადგენელი

ღაზი ჰამადი, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი
AP Photo/Bilal Hussein

ჰამასის ოფიციალური პირი ღაზი ჰამადი ლიბანურ მედია LBCI-სთან გაკეთებულ ინტერვიუში იმუქრება, რომ ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა მომავალშიც განმეორდება.

ინტერვიუს თარგმანს ახლო აღმოსავლეთში მდებარე დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი MEMRI X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) აქვეყნებს. ინტერვიუში ღაზი ჰამადის თქმით, ჰამასი წამებულთა ერს წარმოადგენს და მათ ისრაელის განადგურება მიზნად აქვთ დასახული.

"ჩვენ ნურავინ დაგვაბრალებს. 7 ოქტომბერი, 10 ოქტომბერი, მემილიონე ოქტომბერი - ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გამართლებულია", - ამბობს ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი ინტერვიუში.

27 ოქტომბერს ღაზი ჰამადიმ BBC-სთან გამართული ინტერვიუ პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ შეუძლია მას "მძინარე ხალხის მკვლელობა გაამართლოს".


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები