საქართველოს პარლამენტი

ხაზარაძე ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე: ქართულ ტრადიციებში კაცი ქალის ღირსების მცველი იყო

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების წევრების, ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატების, თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართულ ტრადიციებში კაცი ქალის ღირსების მცველი იყო.

"საქართველოს შვილები ვართ, რაც ჩვენთვის ნიშნავს ტრადიციებს, ღირსებას, კულტურას, რომელშიც ქართველი კაცი ქალის ღირსების მცველი იყო. ამ დროს, პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ქალების ლანძღვას, შეურაცხყოფასა და ბულინგს ვისმენთ, რაც ქალებზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ირიბად დასაშვებს ხდის და ფემიციდს ახალისებს.

გუშინდელ ინციდენტს სხვადასხვა პარტიიდან არაერთი დეპუტატი შეესწრო. ასეთ დროს ჩუმად როგორ უნდა ისხდეთ? უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობასა და უღირსობაზეა აგებული". - წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". ამავე დღეს, ასევე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ენმ-ს დეპუტატს, ანა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა.

დეპუტატი თეონა აქუბარდია ითხოვს, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

პარლამენტში დეპუტატების მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი კომენტარები დაგმო სალომე ზურაბიშვილმაც. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტყვები, რაც მოისმინა, მთლიანად შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს.

წითლიძისა და აქუბარდიას სიტყვიერ შეურაცხყოფას ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ "მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს".

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ "გულწრფელად ბოდიში" მოიხადა.

კომენტარები