ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, კოლუმბიამ და ჩილემ ელჩები გაიწვიეს

ისრაელის იერიში ღაზის სექტორში, 2023 წლის 11 ოქტომბერი
Ali Jadallah/Anadolu Agency

ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშის გამო ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, კოლუმბიამ და ჩილემ კი ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვიეს. ქვეყნები ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე თავდასხმასა და მშვიდობიან მოსახლეობაში არსებულ მსხვერპლს გმობენ.

"ისრაელის მიერ ღაზის სექტორში აგრესიული და არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენების გამო, ჩვენ ვწყვეტთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ისრაელთან". - თქვა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფრედი მამანიმ პრეს-კონფერენციაზე. 

კოლუმბიის პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენები სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) "პალესტინელი ხალხის მასობრივ მკვლელობებად" შეაფასა. 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელს მექსიკამ და ბრაზილიამაც მოუწოდეს, ბოლივიამ და ჩილემ ისრაელი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულეს. 

"ახლანდელი მოცემულობით, ისრაელის პრემიერმინისტრს ღაზის სექტორის მიწასთან გასწორება სურს" – თქვა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიომ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები