ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ICC: დამოუკიდებლად ვუყურებთ სიტუაციას პალესტინაში და აქტიურ გამოძიებას ვაწარმოებთ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, კარიმ ხანის თქმით, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის "აქტიურ გამოძიებას" აწარმოებენ. ამის შესახებ Times of Israel იუწყება.

"აქტიურ გამოძიებას ვაწარმოებთ 7 ოქტომბერს ისრაელში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, ასევე, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით. ჩვენ აქ იურისდიქცია 2014 წლიდან გვაქვს". – თქვა ხანმა.

ICC-ის პროკურორი ამბობს, რომ პროფესიულად იმუშავებენ, რათა "ბრალდება ფაქტისგან განასხვაონ" და რელევანტური მასალა სრულად გააანალიზონ.

"დამოუკიდებლად ვუყურებთ სიტუაციას პალესტინაში, ვუყურებთ მოვლენებს ისრაელში და ბრალდებებზე, რომ პალესტინელმა მოქალაქეებმაც ჩაიდინეს დანაშაულები, გვჭირდება თანამშრომლობა და დახმარება". – თქვა ხანმა.

მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციების "დაპირებები" და მიზნები უნდა შესრულდეს.

"ეს არის ობიექტურობის მომენტი, ჩუმი დაფიქრების მომენტი [...] საერთაშორისო საზოგადოებასა და საერთაშორისო არქიტექტურას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ნანგრევზე, საზარელი გაზის კამერებისა და ჰოლოკოსტის, ევროპის ქალაქების განადგურების საფუძველზე აშენდა, უნდა შეექმნა ინსტიტუციები, რომლებიც უზრუნველყოფდა, რომ აღარასდროს ვიხილავდით სისაძაგლეებს, როცა ადამიანებზე მათი რასის, რელიგიის, კულტურის, წარმომავლობისა ან პასპორტის გამო შეიძლება იერიში მიიტანონ". – თქვა ხანმა.

ამასთან, ხანმა დაამატა, რომ "არ უნდა იყოს რამენაირი წინაღობა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისათვის, რომელიც მოხმარდება ბავშვებს, ქალებსა და კაცებს – მშვიდობიან მოსახლეობას". მისივე თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, საერთაშორისო ჩვეულებათა სამართლით და ჟენევას კონვენციით განსაზღვრული მშვიდობიან მცხოვრებთა უფლებების შეზღუდვამ შეიძლება ჩამდენის რომის წესდების ფარგლებში "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა" განაპირობოს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები