ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გალანთი: ჰამასს "ყველას ყველაში" გაცვლა რომ ნდომოდა, ეს მოხდებოდა, მაგრამ არ უნდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი ისრაელზე თავდასხმის დროს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

გალანთმა ოჯახებს უთხრა, რომ ჰამასზე სამხედრო ზეწოლით მძევალთა გათავისუფლების უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე პატიმართა მსხვილმასშტაბიანი გაცვლით, რადგან მისივე თქმით, ეს ჰამასს სინამდვილეში არ აინტერესებს.

"თუ ჰამასზე სამხედრო ზეწოლა არ იქნება, არანაირი პროგრესი არ იქნება". – უთხრა გალანთმა მძევალთა ოჯახებს.

მანვე განმარტა, რომ ჰამასი მძევლებზე ამბების გავრცელებით ფსიქოლოგიურ მანიპულაციას ცდილობს.

"ჰამასის მიერ გამოქვეყნებული ამბები მათი ფსიქოლოგიური თამაშების ნაწილია. ჰამასი ცინიკურად იყენებს მათ, ვინც ჩვენთვის ძვირფასია - მათ ესმით ტკივილი და ზეწოლა" – თქვა გალანთმა

ამასთან, გალანთმა დაამატა, რომ ისრაელი მზად იქნებოდა, "ყველა ყველასთვის" გაცვლა ეწარმოებინა, რაც ყველა დაპატიმრებული ჰამასის ტერორისტის ყველა ისრაელელი მძევლის  სანაცვლოდ გათავისუფლებას გულისხმობს, თუმცა ეს ჰამასს არ სურს.

"თუ ასეთი მარტივი იქნებოდა, მაშინ პრობლემის წინაშეც არ ვიქნებოდით. თუ ეს იქნებოდა პირობები, მაშინ ხვალვე დილას მოხდებოდა. ეს არ არის პირობები". – თქვა გალანთმა.

უახლესი მონაცემებით, ჰამასს 239 ისრაელელი მძევალი ჰყავს აყვანილი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები