ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გაერო: ღაზაში სამოქალაქო წესრიგი ირღვევა, ათასობით ადამიანი ჩვენს საწყობებში შეიჭრა

გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო (UNRWA) ღაზის სექტორში
Mahmud HAMS / AFP

გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღაზის სექტორში ათასობით ადამიანი მათი ორგანიზაციის საწყობებსა და გადამანაწილებელ ცენტრებში შეიჭრა, საიდანაც ფქვილი და სხვა არსებობისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების მარაგი წაიღეს.

ერთ-ერთი საწყობი დეირ ალ-ბალაჰში მდებარეობს, რომელშიც ღაზის სექტორში ეგვიპტიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება იყო განთავსებული. გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს დირექტორის თომას უაითის თქმით, "მომხდარი ინციდენტი შემაშფოთებელი ნიშანია იმის, რომ 3-კვირიანი ომისა და ალყის შემდეგ ღაზის სექტორში სამოქალაქო წესრიგი ირღვევა".

UNRWA-ს ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში 80-ზე მეტი სატვირთო შევიდა ღაზის სექტორში. გამოცემა i24-ის მიხედვით, 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმამდე ღაზის სექტორში ყოველდღიურად საშუალოდ 500 სატვირთო შედიოდა, თუმცა არსებობდა მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების ჰამასის მიერ მოპარვის რამდენიმე ფაქტი, როცა ისრაელზე თავდასხმისას ტერორისტებს გაეროს პირველადი დახმარების ჩანთები ჰქონდათ თან.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები