ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ომის დამნაშავედ გამოგაცხადებთ – ერდოღანმა ისრაელის წინააღმდეგ პროპალესტინური აქცია გამართა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 ოქტომბრის აქციაზე
DHA

სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის მხარდამჭერით გაიმართა ფართომასშტაბური პროპალესტინური აქცია, რომელზეც თავად ქვეყნის ლიდერმა გააჟღერა ისრაელის საწინააღმდეგო გზავნილები. ერდოღანმა ისრაელს ღაზაში "სიგიჟის" დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

აქციაზე თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.

"ისრაელო, ჩვენ ასევე გამოგაცხადებთ ომის დამნაშავეებად მსოფლიოს წინაშე, ამისთვის ვემზადებით და მსოფლიოს ისრაელს ომის დამნაშავედ წარვუდგენთ". – თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა ისრაელს ოკუპანტი უწოდა და თქვა, რომ "დასავლეთს თქვენი ვალი აქვს, მაგრამ თურქეთს არა". მისი მტკიცებით დასავლურმა სამყარომ მოახდინა მედიისა და პოლიტიკოსთა მობილიზაცია, რათა ღაზის მოსახლების "ჟლეტა" ლეგიტიმურად ეცნოთ.

ერდოღანის თქმით, ვინც "უკრაინაში დახოცილ მშვიდობიან მოსახლეობაზე ნიანგის ცრემლებს ღვრიან, ღაზაში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს ჩუმად უყურებენ".

თურქეთის პრეზიდენტმა აქციაზე დასავლური ნარატივები გააჟღერა.

"ვეკითხები დასავლეთს, გსურთ კიდევ ერთი ჯვაროსნული ომის ატმოსფეროს შექმნა?.. ღაზაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტაში მთავარი დამნაშავე დასავლეთია". – თქვა ერდოღანმა.

ამას გარდა, ერდოღანმა ისრაელს უწოდა რეგიონის "პაიკი", რომელსაც "როცა დრო მოვა, გაწირავენ".


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

კომენტარები