ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური: ამ ომის მიზნები სახმელეთო ოპერაციას საჭიროებს

გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი
ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას საჭიროებენ.

"ამ ომის მიზნები სახმელეთო ოპერაციას საჭიროებს". – თქვა გენერალ-ლეიტენანტმა.

ჰალევის თქმით, ახლა ღაზაში ისრაელის საუკეთესო სამხედროები ოპერაციას ატარებენ.

"საუკეთესო ჯარისკაცები და მეთაურები, კარგად გაწვრთნილები და მომზადებულები, ახლა ღაზაში მოქმედებენ". – თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომი რამდენიმე საფეხურად ვითარდება და დღეს, 28 ოქტომბერს ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

"ამ ომს რამდენიმე საფეხური აქვს. დღეს მომდევნოზე გადავინაცვლეთ". – თქვა ჰალევიმ.

გენერალ-ლეიტენანტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე პასუხისმგებელია ჰამასი. მან ასევე თქვა, რომ თავდაცვის ძალები მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის და ქვეყნის ჩრდილოეთში, რომელსაც ლიბანის ჰეზბოლას მიერ კონტროლირებადი ნაწილი ესაზღვრება, უსაფრთხოების ზომები გაამტკიცეს.

აქამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ომის ახალ ეტაპზე გადასვლა გამოაცხადა. 28 სექტემბრის დადგომის პირველ საათებში ისრაელმა გაახშირა ღაზის სექტორზე მიტანილი საჰაერო იერიშები და სახმელეთო რეიდები გააფართოვა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

კომენტარები