ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი: ღაზაზე თავდასხმებმა თავდაცვის ზღვარი გადალახა და ბარბაროსობაში გადაიზარდა

Yves Herman/Pool/Reuters

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელის მხრიდან ღაზაზე თავდასხმებმა, დიდი ხანია, თავდაცვის ზღვარი გადალახა და ჩაგვრაში, სისასტიკეში, ხოცვა-ჟლეტასა და ბარბაროსობაში გადაიზარდა.

"არავინ უნდა ელოდოს ჩვენგან ჩუმად ყოფნას, სანამ ჩვენს თვალინ სისასტიკე ხდება. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ ევროკომისიამ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს ღაზაში, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ზომები მიიღოს? ისინი, ვისაც მარტივად გამოაქვთ განაჩენი ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, როდესაც ამის შესაძლებლობა ჩნდება, 19 წელია, უგულებელყოფენ ღაზაში ჩაგრულთა სიცოცხლის უფლებას. რა დაემართა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას? ისინი მასში მხოლოდ იმ დროს იხედებიან, როდესაც ეს მათ ინტერესებს ემსახურება.

თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით ამ ყველაფერს ფარისევლობა და ცეცხლზე ნავთის დასხმა ეწოდება.

"დაწყებული მედიასაშუალებებიდან, რომლებიც შემზარადავ არღვევენ ყველა პრინციპს, რათა ომის დანაშაულები დამალონ, დამთავრებული საერთაშორისო ორგანიზაციებით, რომლებიც მუდმივად თვალს არიდებენ ხოცვა-ჟლეტას, ყველა თანამონაწილეა იმ სისასტიკის, რომელმაც ღაზის სექტორსა და პალესტინურ ტერიტორიებზე დაისადგურა". - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის გასწიოს ყველა სახის ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის, მოაწყოს საველე ჰოსპიტალები და მიიღოს დაშავებულები მკურნალობისთვის.

"ღიად გეტყვით, რომ ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ღაზიდან, პალესტინიდან ან სირიიდან მყოფ ბავშვებსა და ისრაელელ ბავშვებს შორის". - აღნიშნა ერდოღანმა.

25 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰამასი არ წარმოადგენს ტერორისტულ ორგანიზაციას და იგი საკუთარი მიწისთვის მებრძოლთა ჯგუფია.

მანამდე, 11 ოქტომბერს ერდოღანმა ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებულ ომზე ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელმა ჰამასს ხოცვა-ჟლეტით უპასუხა. მისი თქმით, ღაზის სექტორის ბლოკადა და დაბომბვა ისრაელის მხრიდან არაპროპორციული პასუხი იყო.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

„არავინ არ უნდა მოელოდეს ჩვენგან ჩუმად ყოფნას, ვიდრე ჩვენს თვალწინ ხდება სისასტიკე. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ ევროკომისიამ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს ღაზაში, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ მიიღოს ზომები? ისინი, ვინც ადვილად გასცემენ განაჩენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, 19 წელია, უგულებელყოფენ ღაზაში ჩაგრულთა სიცოცხლის უფლებას“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

კომენტარები