დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ერდოღანი ჰამასის ტერაქტებზე ისრაელის პასუხს ხოცვა-ჟლეტას უწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, 2023 წლის 12 ივლისი.
BBC

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 11 ოქტომბერს ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებულ ომზე ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელმა ჰამასს ხოცვა-ჟლეტით უპასუხა. მისი თქმით, ღაზის სექტორის ბლოკადა და დაბომბვა არაპროპორციული პასუხი იყო. ერდოღანმა თქვა, რომ ომსაც კი აქვს მორალი და ეს მორალი ბოლო დღეებში მრავალჯერ დაირღვა. 

ერდოღანმა 11 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ თურქეთმა ისრაელსა და ღაზის შორის მედიატორის როლი შეასრულოს. ისრაელის წარმომადგენელმა ანკარაში თქვა, რომ ჯერ მედიაციაზე საუბარი ძალიან ადრეა. 

"ხალხისთვის ფუნდამენტური საჭიროებების მიწოდების შეზღუდვა და სამოქალაქო დასახლებებზე იერიში, ასეთი სამარცხვინო მეთოდები ომი არ არის, ეს ხოცვა-ჟლეტაა" - თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

თურქეთი ოფიციალურად ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ მოგვარების გზას ემხრობა და წლების მანძილზე პალესტინის მხარდამჭერი იყო. თურქეთის სახელმწიფო ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს. 

კომენტარები