საქართველოს საპატრიარქო

მამა დავით ბურდული: [რუსი სამხედროები] მლეთაში სულ ამოდიან – თბილად, სიყვარულით

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, მამა დავით ბურდული ამბობს, რომ ადგილზე რუსი სამხედროები ყოველთვის თბილად, სიყვარულით ადიან და მათ არანაირ დაძაბულობას არ უქმნიან.

"ამ საზღვარზე ასეთი განცხადებები ძალიან საფრთხილო თემაა. მინდა, ჟურნალისტებსაც ვთხოვო, რომ როდესაც რაღაც რეპორტაჟზე მუშაობენ, ეს სიუჟეტი ძალიან ფრთხილად გააკეთონ - იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ. დროებითი საზღვარია, სიფრთხილეა საჭირო, რომ ჩვენ ზედმეტად აღარ გავაღიზიანოთ. ისინი [რუსი სამხედროები] ასე სულ ამოდიან, ჩვენ არანაირ დაძაბულობას არ გვიქმნიან. ისინი ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით [მოდიან] და შემდეგ მიდიან". - თქვა მამა დავითმა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე დღეს, 26 ოქტომბერს მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან მივიდა და განცხადება გააკეთა. ჯაღმაიძე ამბობს, რომ მონასტრის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მორიგეობა მუდმივად ხდება.

"პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. აქ კვირაში ერთხელ ან ორჯერ პატრული ამოდის. ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა. მათ აქ მორიგეობა აქვთ და ამოდიან. გუშინ გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას დრონი ააფრინეს. თუმცა, დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. მისი აფრენა ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ, ყოფილა ასეთი შემთხვევები. ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით მუდმივად ხდება. ეს არის სასაზღვრო ზოლი და აქ საფრთხეები არსებობს". - თქვა ჯაღმაიძემ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ 25 ოქტომბერს ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც, მისი თქმით, მლეთაში, ლომისას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადაადგილებაა ასახული. 

კომენტარები