საქართველოს საპატრიარქო

ჯაღმაიძე: ვიღაცამ კირბალში ქართული დროშა ააფრიალა, რის გამოც რუსებმა ტაძრის კარი აჭედეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის კარის აჭედვას გამოეხმაურა. ჯაღმაიძის თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ იქ ვიღაცამ საქართველოს დროშა ააფრიალა.

"მთავარ არხზე გუშინ გასულ სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი არის აჭედილი. მოსახლეობისგან ინტერვიუ აიღეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ტაძარში შესვლა არ შეუძლიათ და შემდგომ ეს კადრები გადმოდის მლეთის ლომისის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი. იქ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც კირბალი ჰქვია. სწორედ ამ სოფელშია ეს ტაძარი. მოკლედ, გეტყვით რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. რაღაც პერიოდის წინ, იქაც შესაძლებელი იყო გადასვლა. ჩვენი მომლოცველები წელსაც იყვნენ გადასულები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ქართული დროშა ააფრიალა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ რუს სამხედროებს უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ - აეჭედათ კარი და იქ შესვლა შეეზღუდათ. ასეთი ტაძრები გორის რაიონში რამდენიმე გვაქვს [...] ამიტომ, ყოველგვარი გაუცნობიერებელი, დაუფიქრებელი განცხადება, სახელების და ადგილების აღრევა და მოვლენების გადანაცვლება ისედაც დაძაბულ გარემოს საფრთხეს უქმნის". - თქვა ჯაღმაიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ჯაღმაიძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალასაც გამოეხმაურა, სადაც, ქაცარავას თქმით, მლეთაში, ლომისას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადაადგილებაა ასახული. ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ ადგილზე რუსი სამხედროების მორიგეობა მუდმივად ხდება.

"პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. აქ კვირაში ერთხელ ან ორჯერ პატრული ამოდის. ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა. მათ აქ მორიგეობა აქვთ და ამოდიან. გუშინ გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას დრონი ააფრინეს. თუმცა, დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. მისი აფრენა ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ, ყოფილა ასეთი შემთხვევები. ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით მუდმივად ხდება. ეს არის სასაზღვრო ზოლი და აქ საფრთხეები არსებობს". - თქვა ჯაღმაიძემ, რომელიც Facebook-ის პირდაპირ ეთერში სოფელ მლეთადან, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩაერთო.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ 25 ოქტომბერს ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც, მისი თქმით, მლეთაში, ლომისას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადაადგილებაა ასახული. 

კომენტარები