უკრაინა-საქართველო

უკრაინის 7 მოქალაქე საქართველოში 14-დღიანი ლოდინის შემდეგ შემოუშვეს

Volunteers Tbilisi

ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 14-დღიანი ლოდინის შემდეგ 7 უკრაინის მოქალაქე საქართველოში შემოუშვეს. ინფორმაციას ორგანიზაცია Volunteers Tbilisi ავრცელებს.

"25 ოქტომბერს, გვიან ღამით, 7 მამაკაცი თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე მამაკაცები მოხალისეების დახმარებით უკრაინაში დაბრუნებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს იღებენ". - აღნიშნავს ორგანიზაცია.

25 ოქტომბერს ლატვიაში დაფუძნებულმა რუსულმა პლატფორმა Meduza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში კვლავ არ უშვებდნენ უკრაინელ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთმა ხერსონიდან იძულებით რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ კი მათი დეპორტაცია მოახდინა და 8 წლით რუსეთში შესვლა აუკრძალა.

როგორც Meduza-ს ორგანიზაცია Volunteers Tbilisi-მა უთხრა, უკრაინელთა შვიდკაციანმა ჯგუფმა ზემო ლარსიდან საზღვრის გადმოკვეთა 11 ოქტომბერს სცადეს, თუმცა, მესაზღვრეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, ამის მიზეზად ქართული მხარე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის საჭიროებას ასახელებდა.


2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც რუსეთი ხერსონიდან უკან იხევდა, მსჯავრდებულები ტერიტორიიდან იძულებით გააძევა, მოგვიანებით კი რუსეთის კოლონიებში მოათავსა. ვადის დასრულების შემდგომ კი პატიმრები, როგორც წესი, უცხოელთა დროებით დაკავების ცენტრში იგზავნებიან, საიდანაც ისინი პერიოდულად დეპორტაციის მიზნით საზღვრებთან მიჰყავთ.

17 აგვისტოს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უკრაინის მოქალაქეების ექვსკაციანი ჯგუფს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ხუთი მათგანი ამ შემთხვევაშიც ხერსონიდან რუსეთში გადაყვანილი ყოფილი პატიმარი იყო. მათ ზემო ლარსის საგუშაგოს ბუფერულ ზონაში 10 დღე გაატარეს, შემდეგ კი მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს.

კომენტარები