უკრაინა-საქართველო

Meduza: უკრაინიდან რუსეთში გატაცებულ 7 ყოფილ პატიმარს საქართველოში არ უშვებენ

Volunteers Tbilisi

ლატვიაში დაფუძნებული რუსული პლატფორმა Meduza-ს ცნობით, საქართველოში კვლავ არ უშვებენ უკრაინელ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთმა ხერსონიდან იძულებით რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ კი მათი დეპორტაცია მოახდინა და 8 წლით რუსეთში შესვლა აუკრძალა. გამოცემის ინფორმაციით, 7 კაცი უკვე 14 დღეა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ცხოვრობენ და იატაკზე სძინავთ. ერთ-ერთმა მათგანმა კი პროტესტის ნიშნად ვენებიც გადაიჭრა [ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია].

როგორც Meduza-ს ორგანიზაცია Volunteers Tbilisi-მა უთხრა, უკრაინელთა შვიდკაციანმა ჯგუფმა ზემო ლარსიდან საზღვრის გადმოკვეთა 11 ოქტომბერს სცადეს, თუმცა, მესაზღვრეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რადგან ქართული მხარე ამ ეტაპზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს ელის.

ორგანიზაციის ცნობით, მათ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად საქართველოში უკრაინის საელჩოს, გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, თუმცა, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

"ყველა ჩვენგანი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ მხოლოდ სახლში დაბრუნება გვსურს". - უთხრა ბუფერულ ზონაში მყოფმა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა გამოცემას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პასპორტი მათგან თან მხოლოდ ოთხს აქვს, სამს კი მხოლოდ რუსეთის კოლონიისგან გათავისუფლების ცნობა აქვს.

2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც რუსეთი ხერსონიდან უკან იხევდა, მსჯავრდებულები ტერიტორიიდან იძულებით გააძევა, მოგვიანებით კი რუსეთის კოლონიებში მოათავსა. ვადის დასრულების შემდგომ კი პატიმრები, როგორც წესი, უცხოელთა დროებით დაკავების ცენტრში იგზავნებიან, საიდანაც ისინი პერიოდულად დეპორტაციის მიზნით საზღვრებთან მიჰყავთ.

17 აგვისტოს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უკრაინის მოქალაქეების ექვსკაციანი ჯგუფს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ხუთი მათგანი ამ შემთხვევაშიც ხერსონიდან რუსეთში გადაყვანილი ყოფილი პატიმარი იყო. მათ ზემო ლარსის საგუშაგოს ბუფერულ ზონაში 10 დღე გაატარეს, შემდეგ კი მათ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს.

ტაბულა აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათი თქმით, ქართული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობს უკრაინულ მხარესთან ერთად. უწყება აღნიშნავს, რომ მხოლოდ დღეს დასრულდა უკრაინის მხრიდან საჭირო პროცედურები და უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის მოქალქეების საქართველოში შემოშვება და შემდგომ, მათი უსაფრთხო დაბრუნება უკრაინის ტერიტორიაზე.

კომენტარები