ანაკლიის პორტი

ო'ბრაინს სურს დარწმუნდეს, რომ ანაკლიის პორტს კანონის მიხედვით მოქმედი ფირმა გააკონტროლებს

ECFR

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მზადყოფნაზე, ინვესტიცია ჩადონ ქართულ საპორტო ინფრასტრუქტურაში, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონში უნდა დარწმუნდნენ ანაკლიის პორტის მაკონტროლებელი კომპანიის კეთილსინდისიერებაში.

"ცხადად აღვნიშნეთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს, რომელიც დაკავებული იქნება მოპარვით ან მოსყიდვით ქვეყანაში, სადაც იმუშავებს, ეს ეხება ანაკლიის მსგავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც. თუ სწორად მახსოვს, ამ ტენდერს ორი ფინალისტი ჰყავს, პროექტის დასრულებამდე მრავალი წელია დარჩენილი. სინგაპურისა და ჩინეთის ერთობლივი კონსორციუმია და დასავლური კონსორციუმი... აშშ-ს DFC-მ (საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია) ფოთის პორტისთვის ძალიან დიდი სესხი გამოყო. აქ ნაყარ ტვირთზე მუშაობენ...  ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში სხვა ობიექტების განვითარებაზეც, რათა შეძლონ უფრო დიდ დატვირთვასთან გამკლავება. ნაწილობრივ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქნება კონკურენცია, ასევე [უნდა დავრწმუნდეთ], რომ ანაკლიას გააკონტროლებს ფირმა, რომელიც თანახმა იქნება კანონის უზენაესობის შესაბამისად იმუშაოს. ამის მოწოდებას გავაგრძელებთ". – თქვა ო'ბრაიენმა.

ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ის მფლობელი კი კონკურსში გამარჯვებული კომპანია გახდება.

2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.

2023 წლის 22 სექტემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს პარტნიორი კომპანიის შერჩევის კონკურსი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დავითაშვილი ამბობდა, რომ ფინალურ ეტაპზე ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

აქამდე, ივლისის ბოლოს ჩინეთში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს თბილისსა და პეკინს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. რამდენიმე დღეში საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა აღნიშნა, რომ ჩინურ კომპანიებს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვის პრობლემა არ აქვთ.

კომენტარები