ანაკლიის პორტი

დავითაშვილი ანაკლიის პორტზე: შერჩევის დასკვნით ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს პარტნიორი კომპანიის შერჩევის კონკურსი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დავითაშვილი ამბობს, რომ გამარჯვებული ორი კომპანიიდან აირჩევა. მინისტრის განცხადებით, ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

"საკვალიფიკაციო მოთხოვნები ორმა ჯგუფმა დააკმაყოფილა და ისინი მე-2 ეტაპზე გადავიდნენ. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, მეორე კი არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიების ჯგუფი [...] ამ ორ პრეტენდენტთან მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებები გვექნება, რომ მათი მხრიდან წინადადებები მივიღოთ. სწორედ ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი [...] კომპანიებთან კონფიდენციალურობის შეთანხმების გამო, ასევე, საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო დირექტივებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, კონკურსის დასრულებამდე ჩვენ ამ ორი კომპანიის სახელს საჯაროდ ვერ ვიტყვით". - თქვა დავითაშვილმა პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

დავითაშვილის თქმით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ მშენებლობის დაწყებას მიმდინარე წლის ბოლომდე მოახერხებენ


ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ის მფლობელი კი კონკურსში გამარჯვებული კომპანია გახდება.

2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.

3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ანაკლიის პროექტს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მთავრობის მიზანი პროექტის გაჩერება იყო.

კომენტარები