ანაკლიის პორტი

კალაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის ჩართულობა ეკონომიკისთვის შვება იქნება

ქართული ოცნება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩინური კომპანიისთვის გადაცემას ეხებოდა. 

კალაძის თქმით პრეზიდენტის განცხადება სამარცხვინოა და პროცესში ჩინური კომპანიის ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკისთვის შვება იქნება.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ რამდენიმე კანონზე და საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ანაკლიის პორტი, რომლის ჩინური კომპანიისთვის დათმობა, ზურაბიშვილის თქმით "დანის ჩარტყმა" არის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისთვის. 

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქნება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. 

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"სამარცხვინოა მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალე იყო? თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, მიეღოთ მონაწილეობა და მათ განეხორციელებინათ ეს პროექტი. ვინ უშლიდათ? ვინ შეზღუდა? გადაედგათ ეს ნაბიჯი და გაეკეთებინათ". - თქვა კალაძემ. 

მან ასევე განმარტა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში და რამდენად დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას თუ მომავალში ჩინური ტვირთების ნაწილი ანაკლიის პორტის გავლით გავა ევროპაში. 

"რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი არსებობა? ევროპულ ან ამერიკულ კომპანიასაც რომ გაემარჯვა, ჩინელების ჩართულობა მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ჩინეთს 800 მილიარდამდე ღირებულების სავაჭრო ბრუნვა აქვს ევროპასთან. ტვირთების გარკვეული ნაწილი საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს და ჩვენი ქვეყნის პორტები გამოიყენონ, წარმოიდგინეთ, რამხელა შვება იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩინური კომპანიის მონაწილეობა. ანაკლიის პორტი, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები". - ავრცელებს კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერია.

2022 წლის 12 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება, თუმცა პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება. უკვე 2023 წლის ბოლოს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. მისივე თქმით, გამარჯვებული ინვესტორი მაქსიმუმ მიმდინარე წლის დეკემბერ–იანვარში გამოცხადდებოდა.

2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.

3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

2023 წლის 30 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განსახილველად არ მიიღო.

კომენტარები