ჩინეთის ელჩი: ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი
Embassy of The People's Republic of China in Georgia

6 სექტემბერს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის 10 წლის თავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები".

კონფერენციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა. მან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შესახებ გაჩენილ კითხვებს უპასუხა და შუა დერეფნის კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური მხარის ინტერესებზეც ისაუბრა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში ჩინეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხსენებისგან თავის შეკავებაზე და არაკონკრეტულ ჩანაწერზე, რომ ჩინეთი "ყველა ქვეყნის" სუვერენიტეტს უჭერს მხარს, ელჩმა აღნიშნა, რომ პეკინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

"ვფიქრობ, ეს განზრახ არასწორი მიდგომაა დოკუმენტის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. ის, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, ეს დოკუმენტის მიმართ განზრახ არასწორი მიდგომაა". – თქვა ელჩმა.

ჭოუმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და სტრატეგიული პარტნიორების არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება თავად შეუძლიათ. მანვე დასძინა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირსაც აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა.

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირის გარეშე შუა დერეფანში წარმატებას ვერ მივაღწევთ. რატომ? იმიტომ, რომ შუა დერეფანში მნიშვნელოვანია ლოგისტიკა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არის საწარმოო ძალა და ის საქონელი, რასაც ჩინეთი აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო სივრცე ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე შუა დერეფანში წარმატება არ იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შუა დერეფანში ძალიან აქტიურია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის. ეს პრობლემა არ არის საქართველოსთვის, შესაძლოა, პირიქით". – თქვა ჭოუმ.

ჩინეთის ელჩმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ჩინეთის ინტერესის შესახებაც ისაუბრა.

"ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, სარტყელისა და გზის და შუა დერეფნის მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში". – აღნიშნა ჭოუ ციენმა.


საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დელეგაციის ჩინეთში გამართული რამდენიმედღიანი ვიზიტის პარალელურად 31 ივლისს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.

კომენტარები