თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2023

საქართველომ ჩინური ინვესტიციის პირობები ფრთხილად უნდა განიხილოს – ინტერვიუ დენ ფრიდთან

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2023

საქართველომ ჩინური ინვესტიციის პირობები ფრთხილად უნდა განიხილოს – ინტერვიუ დენ ფრიდთან

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ტაბულა პოლონეთში აშშ-ს ყოფილ ელჩს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელს, დენიელ ფრიდს ესაუბრა. ფრიდმა ინტერვიუში გაიხსენა ვლადიმირ პუტინის მმართველობის პირველი წლები, ასევე აგვისტოს ომი და კომენტარი გააკეთა თბილისსა და ჩინეთს შორის დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზეც.

– რუსეთში ბოლო ხანებში მომხდარი მოვლენებით დავიწყოთ. ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ, როგორც ჩანს, კრემლმა შესაძლო კონკურენტების მოშორება დაიწყო. პრიგოჟინი ახლა უკვე მკვდარია. რას ფიქრობთ, რა ხდება რუსეთის მმართველ წრეებში?

–  არ ვიცი რა ხდება მმართველ წრეებში, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა ახლა არც თუ ისე სტაბილურად გამოიყურება. პუტინი ნამდვილად ძალაუფლებაშია, არის ბელადი, რომელსაც ეჭვქვეშ ვერ აყენებენ, მაგრამ რუსეთი უკრაინაში იბრძვის ომს, რომელსაც ვერ მოიგებს და ვერ შეაჩერებს, ან, ამ თვალსაზრისით, არ აქვს შეჩერების სურვილი. ეს ხელმძღვანელობას, პუტინს დიდი წნეხის ქვეშ აქცევს, რადგან ეს მისი ომია. მან გადაწყვიტა ომის დაწყება, ეს მისი პირადი სურვილი იყო.

რუსეთის ისტორიიდან ვიცით, რომ რუსეთის ლიდერები, რომლებიც იწყებენ ომებს, რომლებსაც ვერ მოიგებენ, შესაძლოა გასაჭირში აღმოჩნდნენ. ან, სულ მცირე, რუსეთის ისტორია გვასწავლის, რომ ომების წაგება ხშირ შემთხვევებში რუსეთში კურსის ცვლილებას იწვევს და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია.

ახლა, ამჟამად კრემლს ძალაუფლება აქვს, მათ ხელშია მთელი იარაღი… ნუ, იარაღის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს. მაგრამ ფაქტი, რომ პრიგოჟინმა აჯანყება მოაწყო, კრემლმა თავდაპირველად არ იცოდა როგორ ეპასუხა და მრავალი ადამიანი მოვლენების განვითარებას ელოდა, მიუთითებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში გარკვეული ბზარებია. 

–  თქვენ ბრძანდებით გამოცდილი დიპლომატი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა. თქვენი გამოცდილებითა და მოგონებებით, რას ფიქრობთ, როგორ შეიცვალა ვლადიმირ პუტინი ბოლო სამ ათწლეულში? შეიცვალა საერთოდ?

– ეს კარგი შეკითხვაა. თავიდანვე აპირებდა პუტინი სახლში რუსული ავტოკრატიის და საზღვრებს გარეთ იმპერიის აღდგენას? ზოგი ადამიანი ამბობს, რომ დიახ, პუტინს ეს ყველაფერი სურდა. მე არ ვარ დარწმუნებული. პუტინი ადრეული წლებიდან მახსოვს, როცა მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჯორჯ უოკერ ბუშთან.

შეიძლება, პუტინი თვლიდა, რომ შეეძლო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პუტინის პირობებს კარგი ურთიერთობისთვის ამერიკის არცერთი პრეზიდენტი მიიღებდა, ყოველ შემთხვევაში ტრამპამდე. პუტინს სახლში რეპრესიების თავისუფლად ჩატარება, საზღვარგარეთ კი ინტერვენცია და იმპერია სურდა. საბოლოოდ, ამერიკა არ იყო თანახმა ეს პირობები მიეღო. შეიძლება, პუტინი ფიქრობდა, რომ შეათანხმებდა გარკვეულ გავლენის სფეროებს, ხაზებს რუკაზე, რომ ეს შენია, დანარჩენი ჩემიო, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით თანახმა. ვფიქრობ, როცა ის მიხვდა, რომ არანაირი ასეთი შეთანხმება არ ექნებოდა, გაბრაზდა და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ მტრული გახდა. ყოველთვის ასეთი იყო თუ არა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.

– რა იყო პირველი შემაშფოთებელი ნიშნები აშშ-სთვის, რომ პუტინი არ იყო ის ადამიანი, ვინც თავიდან ეგონათ?

– ძალიან კარგი კითხვაა. ვიდრე ბევრი სხვა ამას გაიაზრებდა, პრეზიდენტი ბუში ხვდებოდა, რომ პუტინი არ იყო ისეთი ადამიანი, როგორსაც იმედოვნებდა. ეს ასე იყო ადრეულ პერიოდში, გვიანი 2003 წლისთვის. როგორც გახსოვთ, პუტინის პირველი ავტორიტარული ნაბიჯები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტელევიზია და სხვა დამოუკიდებელი მედიები. ის წავიდა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და მაშინ პრეზიდენტი ბუში და [დიდი ბრიტანეთის] პრემიერმინისტრი [ტონი] ბლერი მიხვდნენ, რომ პუტინი ავტორიტარული მიმართულებით მიდიოდა. ამის მიუხედავად, ისინი მასთან მუშაობას ცდილობდნენ, მაგრამ ბუში ბევრ სხვა ადამიანზე ადრე მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდა წლები, სანამ აშშ სრულად გაიგებდა, რომ პუტინი იყო სახიფათო, სახიფათო აგრესიული დიქტატორი. ეს ეტაპობრივად გამოვლინდა, მაგრამ დაიწყო ადრეულ პერიოდში, 2003 წელს.

– რუსეთი საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა. ამ პერიოდში თქვენ იყავით სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. რა გახსოვთ ამ დღეებიდან? რას ფიქრობდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ომზე და რუს კოლეგებთან კომუნიკაცია თუ გქონდათ?

– რუს კოლეგებთან ბევრჯერ მქონდა კომუნიკაცია. კონტაქტი მქონდა [საგარეო საქმეთა] მინისტრის მოადგილე [გრიგორი] კარასინთან. ომამდე დღეებითა და კვირებით ადრე მის არიდებას ვცდილობდი, კომუნიკაცია მქონდა კონდოლიზა რაისთან. ის ომის არიდებას ცდილობდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ვხედავდით, რომ ის (ომი) ახლოვდებოდა. ჩვენ ვშფოთავდით ომზე, მე ვშფოთავდი ომზე, მაგრამ არა საკმარისად. ჩვენ საკმარისად არ გვჯეროდა, რომ ომი იქნებოდა, რათა გვემოქმედა ისე მტკიცედ, როგორც უნდა გვექნა. მე ამას ვნანობ. მე სიხისტის ერთ-ერთი მომხრე ვიყავი, ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ომის შესახებ გაფრთხილებას ვაჟღერებდი, მაგრამ იყო ბევრი სხვა, ვინც ფიქრობდა, რომ პანიკიორი ვიყავი. მთლიანობაში, აშშ-ს ხელისუფლებას აშფოთებდა, მაგრამ არა საკმარისად. ასე რომ, არ გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო.

კონდოლიზა რაისი თბილისში ივლისში ჩავიდა. მას საფრთხე ესმოდა, მაგრამ განგაშის დონე 10-ზე უნდა ყოფილიყო, როცა ის 6-ზე იდგა. აღმოჩნდა, რომ ეს სხვაობა პრობლემა იყო. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოდი ცხადად ვთქვათ - პუტინი აპირებდა ომის დაწყებას იმის მიუხედავად თუ რას გავაკეთებდით და საქართველო რას გააკეთებდა. ეს ვიცით, რადგან მან უკრაინასთან ომი დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია თავის მოჩვენება, რომ პროვოკაცია არსებობდა. აბსურდულია თეორია, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, აბსურდული. პუტინმა დაიწყო ომი, მას სურდა ომი. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რაც უნდა გაეკეთებინა, ომი მაინც დაიწყებოდა, დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რადგან ვნახეთ რა ჩაიდინა პუტინმა უკრაინაში.

– რას ფიქრობთ, უკრაინის 2014 წლის მოვლენებისა და მიმდინარე თავდასხმის არიდება შესაძებელი იქნებოდა 2008 წლის ომი დასავლეთს სწორად რომ გაეაზრებინა?

– არ ვიცი. ეს არის შეკითხვა, რომელიც ამ კონფერენციაზე მრავალჯერ გაისმა. თეორიულად, შესაძლებელია, რომ 2008 წლის შემდეგ ძლიერად რომ გვემოქმედა, უკრაინის წინააღმდეგ ომს ავირიდებდით. ეს შესაძლებელი თეორიაა. მაგრამ თავი წარმოიდგინეთ იმდროინდელ პოზიციაში. ევროპა გაყოფილი იყო, შეერთებულ შტატებში არჩევნები ჩატარდა და ახალი პრეზიდენტი გვყავდა. არ არსებობდა შანსი, რომ რუსეთი დაგვესანქცირებინა, ევროპა ამ სანქციებში არ შემოგვიერთდებოდა. ობამას ხალხი რუსეთთან ვითარების სტაბილიზებას ცდილობდა. ამან არ იმუშავა. ეს პოლიტიკა ჩავარდა. მაგრამ მესმის ეს რატომ გააკეთეს. ეს ღირსეული მარცხი იყო, რითაც ვგულისხმობ, როდესაც პუტინი თავს დაესხა უკრაინას, ობამას ადმინისტრაციამ სწორი მიმართულებით სვლა დაიწყო, მიატოვა გადატვირთვის პოლიტიკა, დაიწყო ჯარების პოლონეთში გადასხმა, NATO-ს სამხედროების ბალტიის ქვეყნებში გადაყვანაში დაეხმარა. ეს სწორი პოლიტიკა იყო და ობამას ხალხისადმი ამისთვის ქედს ვიხრი. ვფიქრობ იყო რაღაცები, რისი გაკეთებაც მაშინ შეგვეძლო, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით, უფრო მარტივია თეორიული საუბარი, ვიდრე მათი პრაქტიკაში განხორციელება. 

– მცირე ხნის წინ ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. პარალელურად, NATO-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უარესდება. რას ფიქრობთ ამ პარტნიორობაზე? შესაძლოა ამ შეთანხმებაში საქართველოსთვის მახე არსებობდეს?

– საქართველოს მთავრობას ვურჩევდი, ფრთხილად განიხილოს ჩინეთის შეთავაზებული ნებისმიერი ინვესტიციის პირობა. უნდა ესაუბრონ აფრიკულ ქვეყნებს. ზოგიერთზე აღმოაჩენენ, რომ ჩინური ინვესტიცია ძალიან კარგად გამოიყურება ფურცელზე, პრაქტიკაში კი ძალიან განსხვავებულია, რადგან, ზოგჯერ, საბოლოოდ, ჩინეთის ხელში სტრატეგიული რესურსები აღმოჩნდება ხოლმე და ვალის ხაფანგში მოხვედრილი ქვეყნები მათ ფულს იღებენ.

ასე რომ, საფრთხე არსებობს. ჩინეთის დახმარების პირობები ყოველთვის არაა ისეთი სასიკეთო, როგორც ფიქრობენ. არ მაქვს პრობლემა, როცა საქართველო რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობს, არ მსურს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე მონოპოლია, სავსებით ლოგიკურია საქართველოსთვის, ეძებოს იმდენი მეგობარი, რამდენიც შეუძლია, მაგრამ საჭიროა საქართველოს მთავრობამ გაარკვიოს, რა არის პირობები და არ დაასკვნან, რომ ჩინეთის მიზნები კეთილგანწყობილია.

კომენტარები