ანაკლიის პორტი

ჩინეთის საელჩო: ამერიკის ელჩის კომენტარი ანაკლიის პორტზე აბსურდი და ფაქტებთან შეუსაბამოა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში "მკაცრად გმობს" ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ ინტერპრესნიუსთან გაკეთებულ კომენტარს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინური CCCC კომპანიის მიერ. პრესსპიკერის განცხადებას ჩინეთის საელჩო ავრცელებს

როგორც ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, რობინ დანიგანის კომენტარი, რომ "ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიის" (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს" და "ჩინეთის კომუნისტური პარტია რუსული არმიის ნომერ პირველი ბანკირი და ფინანსისტია", აბსურდია და ფაქტებთან შეუსაბამოა. 

"ჩინეთის მხარე ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ზემოხსენებული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის დადებულ "სან-ფრანცისკოს ხედვის" შეთანხმებას. ჩინეთის მხარე ასევე გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, რომ აშშ-ს დიპლომატმა საერთოდ არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი განცხადების გაკეთებისას". - ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში. 

18 ივნისს ამერიკის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა გამოცემა ინტერპრესნიუსთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ჩინური კომპანიის, CCCC-ის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე. როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ "რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს [საქართველოს] ოკუპანტს". ელჩის თქმით, კომპანია CCCC-ს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან აქვს კავშირები, ხოლო ჩინეთის კომუნისტური პარტია რუსეთის არმიას აფინანსებს. 

კომენტარები