ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ბაიდენი ისრაელზე: როდესაც კრიზისი დასრულდება, ორი სახელმწიფოს პრინციპი უნდა შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Evelyn Hockstein/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის ვერ დაბრუნდება ის სტატუს კვო, რომელიც 7 ოქტომბრამდე არსებობდა და ომის დასრულების შემდეგ საჭიროა ჩანდეს, თუ რა მოხდება მომავალში. ბაიდენი თვლის, რომ საბოლოო გამოსავალი ორი სახელმწიფოს პრინციპი უნდა იყოს. 

"ისრაელელები და პალესტინელები თანაბრად იმსახურებენ ერთმანეთის გვერდით უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას. ვეღარ დაბრუნდება სტატუს კვო, რომელიც 6 ოქტომბრისთვის არსებობდა. ეს ნიშნავს უზრუნველყოფას, რომ ჰამასმა ვეღარასდროს შეძლოს ისრაელის დატერორება და მშვიდობიანი პალესტინელების ცოცხალ ფარებად გამოყენება. ეს ასევე ნიშნავს, რომ როდესაც ეს კრიზისი დასრულდება, უნდა არსებობდეს ხედვა, რა იქნება მომავალში. ჩვენი აზრით, ეს ორი სახელმწიფოს პრინციპი უნდა იყოს. ეს ნიშნავს ყველა პარტნიორის: ისრაელელების, პალესტინელების, რეგიონული პარტნიორების, მსოფლიო ლიდერების კონცენტრირებულ ძალისხმევას, დავდგეთ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე". – თქვა ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

კომენტარები