პერუ

პერუში 500 წლის წინ მსხვერპლად შეწირული გოგოს მუმიისგან მისი 3D გამოსახულება მიიღეს

REUTERS/Ros Postigo

პერუში დაახლოებით 500 წლის წინ ინკების ღმერთებისადმი მსხვერპლად შეწირული 15 წლის გოგოს თავის და სხეულის ნაწილის 3D გამოსახულება მისი მუმიის დახმარებით მიიღეს. პროექტზე პერუელი და პოლონელი მეცნიერები მუშაობდნენ. მეცნიერებმა გოგოს ხუანიტა დაარქვეს. "ხუანიტას" თავი და ტორსი პერუში გამოიფინა. 

გოგონას მუმია კარგად იყო შემონახული. მუმიის სკანირებამ მეცნიერებს საშუალება მისცა "ხუანიტას" სახე და სხეული მაღალი სიზუსტით აღედგინათ. მუმია 1995 წელს სამხრეთ პერუში ამპატოს ვულკანის სიახლოვეს აღმოაჩინეს. 

დაახლოებით 500 წლის წინ ინკების იმპერია სამხრეთ ამერიკის წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე იყო გადაჭიმული. სავარაუდოა, რომ ესპანელი კონკისტადორების მოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე 15 წლის "ხუანიტა" ღმერთებს მსხვერპლად შესწირეს. მეცნიერების მტკიცებით, გოგონა თავის ძლიერი დარტყმის შედეგადაა გარდაცვლილი. მსვერპლშეწირვის რიტუალებს ინკების რწმენით, ბუნებრივი კატასტროფებისა და უბედურებების თავიდან ასაცილებლად ატარებდნენ. 

კომენტარები